“მოვისმინეთ, რომ საფერავის ფასი გახდება 1,5 ლარი, რაც ვერანაირად ვერ ასახავს იმ შრომას, რაც ჩადებულია ვენახში საფერავის შემთხვევაში და ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდებიან, რომელ შაბათს ჩავა ბიძინა ივანიშვილი კახეთში და იქიდან ილაპარაკებს, როგორ დაუმატა გლეხებს 20 თეთრი”, – აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი.
ბოტკოველის განცხადებით, “თუ ვინმემ იცის შრომის ფასი, ეს ქართველი მევენახეა. ქართველი მევენახე მთელი წელი ელოდება სექტემბერს და ეს არის მისი ბედნიერების თვე, მაგრამ ივანიშვილის ხელში სექტემბერი უბედური თვე გახდა. ხელისუფლების შეთავაზება, რომელსაც არავინ ეკითხება, რა იქნება კონკრეტული პროდუქციის, ამჯერად ყურძნის ფასი, არის იმ მევენახეების დაცინვა და შეურაცხყოფა, რომლებიც მთელი წელი შრომობენ და ელოდებიან შემოსავალს, რომელიც მათი ოჯახებისთვის ძირითადი წყაროა. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ მევენახეებს ვთავაზობთ კონკრეტულ ფასებს კონკრეტული ჯიშის ყურძნებზე და ამას არ გააკეთებს სახელმწიფო: ეს მოხდება იმ გატარებული ღონისძიებების შედეგად, რასაც ჩვენ მოვიმოქმედებთ და რომელთა შედეგადაც, მაგალითად, რქაწითელი ფასი იქნება 2 ლარი – 2 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საფერავის შემთხვევაში იქნება 3 ლარი – 3 ლარი და 50 თეთრი.
ჩვენ ვთავაზობთ ამ ფასებს მას მერე, რაც ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და არა საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე, რაც არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი და ამოცანა.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის განცხადება, რომელსაც ჰგონია, რომ მასავით უთავმოყვარეოა ვინმე. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კახელ მშრომელ მევენახეებს აქვთ თავმოყვარეობა და ხელისუფლების მიერ გადმოგდებული 20 თეთრი, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენ შევთავაზეთ, როგორი უნდა იყოს ყურძნის ფასი თავისუფალი ბაზრის პირობებში, მოვისმინეთ, რომ საფერავის ფასი გახდება 1,5 ლარი. ეს ფასი ვერანაირად ვერ ასახავს იმ შრომას, რაც ჩადებულია ვენახში საფერავის შემთხვევაში და ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდებიან, რომელ შაბათს ჩავა ბიძინა ივანიშვილი კახეთში და იქიდან ილაპარაკებს, როგორ დაუმატა გლეხებს 20 თეთრი პროდუქციაზე, რომელიც მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
ამიტომ, გამოსავალი არის ერთი: არა ის დაპირებები, რომლებიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აუფასურებს თითოეული მოქალაქის შემოსავალს, არამედ ის, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ დაფასდება თითოეული მევენახის, ნებისმიერი ადამიანის შრომა და, თავისუფალი ბაზრის პირობებში რქაწითელის ფასი იქნება 2-2,50 ლარი, ხოლო საფერავის შემთხვევაში კი 3 – 3,50 ლარი. ხელისუფლება ვითომ ცდილობს, შეუცვალოს პოზიცია ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ 26 ოქტომბერს გაისტუმრონ ეს მატყუარა და მავნებელი ხელისუფლება, მაგრამ სინამდვილეში მათი ტყუილები ვერაფერს ვერ შეცვლის”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.