ბიძინა ივანიშვილის ოჯახის აქამდე უცნობი უძრავი ქონება მოსკოვში – TI-ის გამოძიება

0
84

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები.

საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52 749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.

TI-ის ცნობით, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი – გაცილებით მეტი.

ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9 000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს აკვა-სფეისის სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის დაპირება, რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის შესახებ, რასაც დღემდე აჟღერებენ მმართველი პარტიის პირველი პირები, ტყუილი იყო. კავშირის გაწყვეტის ნაცვლად, მისი ოჯახი მოსკოვური ქონების გაფართოებითაა დაკავებული. დაპირების არშესრულებასა და ივანიშვილის ოჯახის რუსეთთან პრობლემურ კავშირებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ჯერ კიდევ 2022 წერდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში ბიზნესს, შპს აკვა სფეისს, ინარჩუნებდა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი რას საქმიანობდა ეს კომპანია. ახალი გამოძიების მიხედვით გაირკვა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ივანიშვილების სოკოლის რეზიდენციის მოვლა და მისი გაქირავებაა”, – წერია განცხადებაში.

ოდინცოვოს რეზიდენცია

ოდინცოვოს რაიონი მოსკოვის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული საგარეუბნო დასახლებაა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ რაიონის დასახლება იზმალკოვოში უძრავი ქონების დაგროვება ჯერ კიდევ 1997-98 წლებში დაიწყო.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, სახელზე რეგისტრირებული იყო 12,107 კვ.მ. საერთო ფართობის 3 მიწის ნაკვეთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს პრემიერმინისტრის რანგში შევსებულ ერთადერთ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

ამ გამოძიებით კი დადგინდა, რომ ეკა ხვედელიძე მოსკოვში ქონების დაგროვებას დღესაც განაგრძობს: მან 2021 წელს შეიძინა დამატებით 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 9,070 კვ.მ.) მათზე არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობით, მათ შორის 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლით; ხოლო, სულ რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 19 აპრილს – 4,500 კვ.მ. ფართობის კიდევ ერთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.

საინტერესოა, რომ ოდინცოვოს რეზიდენციას და ასევე 2024 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის წინა მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უჩა მამაცაშვილის განსაკუთრებულ სიახლოვეს ივანიშვილების ოჯახთან.

შეხსენებისთვის, უჩა მამაცაშვილი 2023 წლის გაზაფხულამდე საერთო რუსულ ბიზნესს ფლობდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ გენერალ, გეორგი პოლტავჩენკოსთან.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ოდინცოვოს რეზიდენციის ნაწილს ივანიშვილების ოჯახი რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ საშუალებით ფლობს. საუბარია რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე კიდევ 3 მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საერთო ფართობით 27,072 კვ.მ., რომლებიც კომპანიის საკუთრებად 2012-2013 წლებში დარეგისტრირდა. თავად შპს „აკვა-სფეისს“ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის (Vanity Overseas Limited) გავლით ფლობს.

ამასთან, შპს „აკვა-სფეისის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები იქვე მდებარე ტბის გარშემოა განლაგებული.

ამრიგად, მთლიანობაში, მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ივანიშვილების ოჯახს ეკუთვნის 52,677 კვ.მ. საერთო ფართობის 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლი, 3 გარაჟი და კიდევ 9 დამხმარე ნაგებობა. მთლიანობაში, ამ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მინიმუმ 11 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი – გაცილებით მეტი.

სოკოლის რეზიდენცია

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძის თანასაკუთრებაშია კიდევ ერთი რეზიდენცია სავრასოვას ქუჩაზე, რომელიც მოსკოვის შემოგარენში სოკოლის დასახლებას ეკუთვნის. სახლის თანამესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი, რომელიც, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეა.

სავრასოვას ქუჩა პრესტიჟულ ე.წ. „მხატვრების სოფელში“ მდებარეობს, რომელიც რუსეთის მერიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. „მხატვრების სოფელი“ იშვიათი ადგილია მოსკოვში, სადაც მრავალსართულიან შენობებს შორის კერძო საცხოვრებელი სახლებია შემორჩენილი, რის გამოც ის ერთ-ერთი უძვირეს უბნად ითვლება.

წინა სტატიაამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში ჩამოვა
შემდეგი სტატიამსახიობი მედეა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური