მთავარისიახლეები2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა -TI

2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა -TI

Published on

2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა – საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ გასულ წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ორგანიზაციის ცნობით, პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია აწვდიდა. კერძოდ – პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.

ძირითადი მიგნებები

2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი.

2023 წლის თებერვალში უმრავლესობის წევრებმა „ხალხის ძალის” სახით, პარლამენტს წარუდგინეს ე. წ “რუსული კანონი” რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტების განხილვას დიდი მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში. აქციები 2-8 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა. საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ ინიციატივების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ხალხის ამ წინააღმდეგობამ და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა.

საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციის გაგრძელება იყო, ზოგიერთი კი სრულიად ახალი. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან შეასრულა მხოლოდ 3.

სტატისტიკური მონაცემები

2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა;
კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;
73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;
შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო.[1] ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა).
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა.
პარლამენტის წევრთა აქტიურობა

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი;
ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები

პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, კორუფციის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც პროკურორები ვალდებული არიან ქონებრივი დეკლარაცია წარადგინონ.

ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ ინიციატივა, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებები, რეგლამენტში ცვლილებები ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ.

სიახლეები

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან...

ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,...

აქტივისტმა სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას...

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...