მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარტიებში საარჩევნო კონფიგურაციებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

პარტიებში საარჩევნო კონფიგურაციებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

Published on

რა ფორმით მიიღებს 2024 წლის არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას და როგორ ხედავენ პარტიები “ქართული ოცნების” დამარცხების გზებს. ტექნიკური დეტალები განხილვის პროცესშია.

“ნაციონალური მოძრაობა” ერთიან სიას ემხრობა. ერთიანობას მხარს უჭერს “დროა” და “გირჩი-მეტი თავისუფლებაც” – ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დაწყებულია კვლევაც, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც მოხდება შეთანხმება.

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ელოდებიან კვლევების შედეგებს და აინტერესებთ ხალხის აზრი:

“ჩვენ ველოდებით ერთი კვლევებს და გვაინტერესებს ხალხის აზრი. ჩვენ დავდივართ ხალხში, დაწყებული გვაქვს საარჩევნო კამპანია და ხალხთან ურთიერთობა, მათ შორის ვესაუბრებით, ვეკითხებით როგორ ფიქრობენ ყველა ერთად, ცალ-ცალკე, ნახევარი ა.შ. ეს ერთ-ერთია იმ ათეულობით პრობლემიდან და საკითხიდან, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ საერთოდ არ აღელვებს ეს ამბავი ხალხს, ამიტომ ჩვენ ვივლით, ვისაუბრებთ ხალხთან, კამპანიას აქტიურად გავაგრძელებთ, კონფიგურაციებზე ვისაუბრებთ მერე, როცა ეს საჭირო იქნება და რომ გითხრათ ახლა, რომ განსაკუთრებული აქტუალობის საკითხია ახლა ეს ჩვენთვის, ეს ასე არ არის. დაველოდოთ კვლევების შედეგებს, დაველოდოთ ხალხის აზრს”.

პარტია “საქართველოსთვის” ამბობს, რომ მათთვის იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი “ლელოა”, თუმცა მოლაპარაკება მათთან ჯერ არ დაუწყიათ.

“არიან პარტიები, რომლებიც თავისი არსით, თავისი იდეოლოგიით, თავისი დნმ-ით არის აბსოლუტურად მიუღებელი, ხოდა არიან პარტიები მაგალითად, როგორიც არის “ლელო,” რომელიც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, შეიძლება იყოს. აქ საუბარი არ არის არანაირი მოლაპარაკება არ დაწყებულა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ დაგვესხმებიან თავს, თუ არ დაგვესხმებიან და რა ბრალდებებს გააჟღერებენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ქვეყნის ევროპული მომავლის თემა და ქვეყნის დემოკრატიის გზაზე დაბრუნების თემა არის ზეპარტიული,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას იმ ტიპის სიმძიმის ცენტრი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლებასთან ერთად, გამორიცხავს ერთი ადამიანის, ან დონორის, ან ოლიგარქის, ან თუნდაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების ზეკონცენტრაციას.

პარტიამ დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ.

“ვთვლით, რომ მოვიდა მომენტი, როდესაც ეს კონსულტაციები უნდა შევიდეს იმ ფაზაში, როცა მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები და გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ამ პროცესში შესულები ვართ, ამ ამოცანით. უნდა შეიქმნას იმ ტიპის სიმძიმის ცენტრი საარჩევნო კამპანიისა, რომელიც მოქალაქეებს დაანახებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლებასთან ერთად, რეფორმები იქნება შეუქცევადი და ეს რეფორმები გამორიცხავს მომავალში, ამასთან მიახლოებულ სამარცხვინო თამაშის წესებსაც კი. გამორიცხავს ერთი ადამიანის, ან დონორის, ან ოლიგარქის, ან თუნდაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების ზეკონცენტრაციას,” – აღნიშნა ბოკერიამ.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...