სახელისუფლებო მედია სიღარიბის შესახებ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს – SJC

0
101

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, 11.8 %-ს მიაღწია – პროსახელისუფლებო მედია საშუალებები (იმედი, POSTV) მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.

“სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე. ნათელია, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, თუმცა ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ.

რეალურად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევის, არამედ სხვა არაერთი ფაქტორის გამო შეიძლება მცირდებოდეს. მათ შორისაა, ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაცია; 2023 წელს, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ – 163 000-ზე მეტმა ადამიანმა, დატოვა” – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია წერს, რომ სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე საუბრისას, აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი. ამ ორი მონაცემის ანალიზისას ირკვევა, რომ 2023 წელს მდგომარეობა წინა წელთან შეფარებით არათუ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც.

SJC-ს განმარტებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონოდა არაერთ სხვა ფაქტორსაც, მათ შორისაა:

სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობა – 660 000-მდე ადამიანი საარსებო შემწეობის, ასევე სოციალურად დაუცველის ქულასთან დაკავშირებული არაერთი სოციალური მხარდაჭერის სერვისის მიმღებია. სახელმწიფოსგან ამგვარი სახით მიღებული შემოსავლების დაფიქსირება შესაძლებელია, ადამიანების აბსოლუტური სიღარიბის კატეგორიიდან ამოსვლის საფუძველი გახდეს. თუმცა, სახელმწიფოს ამგვარი მხარდაჭერა ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს და მათი შეწყვეტა მათ ფიზიკურ არსებობასაც კი საფრთხის წინაშე დააყენებდა;
ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულება – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მლრდ. აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში – 1 მლრდ. აშშ დოლარს აღემატებოდა. ნათელია, რომ ემიგრანტების მხარდაჭერის გარეშე მოსახლეობის ნაწილის კეთილდღეობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

წინა სტატიასტრატკომის სამსახური გაუქმდა – მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატიაწვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური