ეს კანონი არის რუსული – “გილდიის” განმარტება მუხლების მიხედვით

0
79

დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში, “გილიდა”, აქვეყნებს დეტალურ, მუხლობრივ განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ არის “ქართული ოცნების” მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონი რუსული.

“გილდია” მოუწოდებს პარლამენტს, მეორე მოსმენით კენჭისყრისას არ დაუჭიროს მხარი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მეორედ ინიცირებულ კანონპროექტს.

ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:

“კანონპროექტის ანალიზამდე, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, რას ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი ფორმით არის ა(ა)იპ ე.ი. არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი. არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი შესაძლებელია, დაფუძნდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიერ და ეს ორგანიზაცია შეიძლება, იყოს უფლებადაცვითი, პროფკავშირული, კულტურის, სპორტის, კვლევითი, საგანმანათლებლო, მედია ან სხვა არაერთი მიმართულების. მოქალაქეები ამგვარ ორგანიზაციას აფუძნებენ მაშინ, როდესაც მათ სურთ, იმუშავონ კონკრეტულ საკითხზე თავად ამ საკითხის მიმართ ალტრუისტული, ჰუმანისტური მიზნით. როდესაც ადამიანებს სურთ, საზოგადოებისთვის რაიმე სიკეთე შექმნან, ისინი ორგანიზაციულ ფორმად ირჩევენ, ე.წ. NGO-ს. საქართველოში 30 000-მდე ამგვარი ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, მხოლოდ ნახევარია პრაქტიკულად აქტიური. ამ აქტიური ორგანიზაციების სრული უმრავლესობა მუშაობს რიგითი მოქალაქეების უფლებებისა და ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

მუხლი 1 – კანონის მიზანი

კანონპროექტის 1-ელ მუხლში აღნიშნულია, რომ კანონის მიზანი დაფინანსების გამჭვირვალეობაა, რაც თავისთავად მანიპულაციურია. სინამდვილეში საქართველოში უკვე არსებობს კანონმდებლობა, რომელიც გრანტების განკარგვის წესს, ხარჯვისა და ფინანსების გამჭვირვალობას ემსახურება. მაგალითისთვის: საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ და საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ასევე, არსებობს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“. ეს კანონები საქართველოში უკვე მოქმედებს, ორგანიზაციები ისედაც აღრიცხავენ მათ ხარჯვას და ავსებენ დეკლარაციებს, გრანტების გამოცხადებისა და გაცემის წესი საჯაროა და ექვემდებარება ხელშეკრულებას. ფინანსური დეკლარაციები კი არის თუ არა შესაბამისობაში რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებთან, ამის გადამოწმების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურსა და ფინანსურ პოლიციას აქვთ. „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი რომ გამჭვირვალობა იყოს, ის სწორედ ზემოთ აღნიშნულ კანონებში შეიტანდა შეუმჩნეველ ცვლილებებს და ამით შექმნიდა დამატებითი დეკლარირების ვალდებულებას.
მუხლი 2 – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ განმარტება

კანონპროექტის მე-2 მუხლი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ განსაზღვრავს ნებისმიერ მედიასაშუალებას და არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ქვეყანაში მოქმედი, ფაქტობრივად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შედგება საერთაშორისო დაფინანსებისგან, უნდა დარეგისტრირდეს ერთგვარ “ახალ რეესტრში”. რეგისტრაციის საფუძველზე მათ მიენიჭებათ იარლიყი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. ორგანიზაციების ამგვარი „დანიშვნა“ რამდენიმე მიზეზის გამო არის საზიანო საზოგადოებისთვის:
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის ტერმინი, რომელიც უარყოფითად წარმოაჩენს ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა: მშრომელთა უფლებების, ქართული ბუნების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სხვ. ამცირებს მათ ნდობას და აკნიბებს მათ ლეგიტიმაციას. სწორედ ნდობაა ის ერთადერთი რამ, რაც ამ ორგანიზაციებს აქვთ. მაგალითად, ავიღოთ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები, რომლებიც ცდილობენ, დასაქმებულების უფლებები დაიცვან. ამ ორგანიზაციების მიმართ როგორც კერძო ბიზნესი, ისე სახელმწიფო, როგორც წესი, გამოირჩევა დისკრედიტაციით, გაშავების მცდელობებით. მშრომელთა ორგანიზაციები ისედაც მუდმივად იბრძვიან აღიარებისთვის, მათი გამოცხადება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად“, გამოიწვევს მშრომელთა წინააღმდეგობის დასუსტებას.
რუსეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარი ტერმინი თავიდან მხოლოდ მცირე ჯგუფსა და მცირე კატეგორიაზე ვრცელდებოდა, დროთა განმვალობაში კი გაფართოვდა და გავრცელდა ყველაზე, მათ შორის, ფიზიკურ პირებზე ისევე, როგორც გამკაცრდა ამ სტატუსის მქონე სუბიექტების მიმართ მოპყრობა, დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც სახელმწიფოს მიმართ „ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის“.
კანონი ეხება ყველა ორგანიზაციას და არ აქვს არანაირი ჩამკეტი, ე.ი., არ აქვს მნიშვნელობა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის მოპოვებაზე მუშაობ, გელათის ტაძრის რესტავრაციაზე თუ არჩევნებს უწევ მონიტორინგს, კანონი უპირობოდ, მოგანიჭებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსს.
მუხლი 3 – უცხოური ძალის განმარტება

კანონპროექტი ერთ სიბრტყეში აქცევს ქვეყნის მტრისა და სტრატეგიული პარტნიორებისგან შემოსულ დაფინანსებას. ამასთანავე, რუსეთიდან შემოსული დაფინანსება, როგორც წესი, არ არის ლეგალური და ის ამ კანონის დაფარვის სივრცეში ვერ მოხვდება. შესაბამისად, კანონი, ძირითადად, მხოლოდ დასავლურ დაფინანსებას მოიხსენიებს “უცხოური ძალის ინტერესების” ტერმინით.
მუხლი 4 – რეგისტრაცია და ვალდებულები

მე-4 მუხლში ვკითხულობთ, „იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.“ პერსონალური მონაცემების გადაცემის ვალდებულება, განსაკუთრებით, დააზიანებს პროფესიულ კავშირებს, რადგან პროფკავშირების წევრობისას დასაქმებულები ხშირად მალავენ წევრობის ფაქტს იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მის მიმართ არ გაატაროს დისკრიმინაციული ზომები. ამ შიშზე მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონიც, პროფკავშირის წევრობა განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემად მიიჩნევა, ე.ი. გამოირჩევა სენსიტიურობით და მისი გამჟღავნების შედეგად ფიზიკური პირისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმით. პროფკავშირულ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა ან ორგანიზაციის წევრთა პერსონალური მონაცემების გადაცემა აზიანებს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლების, პროფკავშირის შექმნისა და მასში გაწევრიანების ფუნდამენტურ უფლებებს.

„ქართული ოცნება“ ხშირად აღნიშნავს, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად“ რეგისტრირებული პირის საქმიანობის გაუქმებას. საქმეც ისაა, რომ ამ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, ადამიანის დეჰუმანიზებისკენ მიმართული იარლიყის მიწებებას თავმოყვარე ადამიანი არ დათანხმდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვისას უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ ისინი უარს იტყვიან რეგისტრაციაზე. ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში კი კანონპროექტი ითვალისწინებს იძულებით რეგისტრაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ან უნდა შეწყვიტონ ფუნქციონირება ან გააგრძელონ მუშაობა ამ იარლიყის ქვეშ. უკვე გაკეთებული განცხადებები კი გვაფიქრებინებს, რომ ისინი შეწყვეტენ მუშაობას და არ მიიწებებენ იარლიყს. ე.ი. კანონი ირიბად, თითქოსდა გაუცხადებელი მიზნის გარეშე არათუ ზღუდავს, არამედ აუქმებს გაერთიანების თავისუფლებას იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კონსტიტუციაში გაცხადებული მიზნების მისაღწევად თანამოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუხლჩაუხრელად შრომობენ.

მუხლი 6 – ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია

ამ მუხლის მიერ შემოტანილ ვალდებულებას არასამთავრობო ორგანიზაციები ისედაც იცავენ, მაგრამ თუ მაინცდამაინც, ეს სწორედ ის მუხლია, რომელიც პირდაპირ შეიძლებოდა, გაჩენილიყო საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ“.
მუხლი 8 – დასმენა

ნებისმიერ ადამიანის, იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან სათანადო მინიშნებას, კლასიფიცირდება დასმენად, რის საფუძველზეც ორგანიზაციას გამოაცხადებენ აგენტად. დასმენის ინსტიტუტი არის როგორც რუსეთში მიღებულ კანონში, ისე ჩენთან ინიცირებულ კანონპროექტში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი პირის მიერ, იუსტიციის სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველით, შეამოწმონ “ურჩი” ორგანიზაცია. ეს ეწინააღმდეგება საკუთრების და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ უფლებებს, აგრეთვე, კნონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია კერძო პირის საკუთრებაში შესვლა სასამართლო ორდერის ან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით (რაც მტკიცებულებების არსებობას გულისხმობს) გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე. გადაუდებელი აუცილებლობით შესვლის კანონიერებაც კი სასამართლომ უნდა ცნოს 48 საათში. კანონპროექტი კი იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებამოსილებას, ყოველგვარი სასამართლო ორდერის, მტკიცებულების გარეშე, ნებისმიერი პირის “შეტყობინების” საფუძველზე ფაქტობრივი ჩხრეკა და რეიდი ჩაატაროს ამ კანონპროექტით მიჩნეული “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კერძო ორგანიზაციაში”

წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან
და რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართვრლოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

დასკვნა

საგანგაშო გარემოებაა, რომ მსგავსი კანონპროექტი ერთდროულად არის ინიცირებული აფხაზეთში, საქართველოში და ყირგიზეთში, პროცესს მიესალმებიან პესკოვი და დუგინი. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პროცესი რუსეთიდან იმართება. რუსეთში ამგვარი კანონი 2012 წელს მიიღეს, ის შემდეგ გაფართოვდა და მთლიანად გააქრო განსხვავებული აზრი და თავისუფალი მედია. ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის ინტერესია, შეფერხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ბოლო დღეებში რუსეთის არაერთმა მოქალაქემ გაგვიზიარა გამოცდილება, რომ ამ კანონპროექტისთვის წარმოებული პროპაგანდაც კი რუსეთში 2012 წელს მიმდინარე პროცესების ასლია.
მაშასადამე, ეს კანონი არის რუსული და ხელს უშლის ქვეყნის სვლას ევროპისკენ!!!

წინა სტატიადღეს პარლამენტში შს მინისტრს ელოდებიან
შემდეგი სტატიარუსული კანონის წინააღმდეგ ხვალ ქალების მარში გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური