ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება – სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.
განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს. სასამართლოს ეზოში 14:00 საათიდან ლაზარეს მხარდასაჭერად მისი ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.
პარალელურად, 14:00 საათზევე, მეორე აქცია გაიმართება თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან. პროტესტის მიზეზი კი “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალი ინიცირებაა. “ოცნება” ამ კანონს დღეს, 15:00 საათზე, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების დროს, 2023 წლის 29 მარტს, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბრალდებულმა, 7 მარტს, 9 აპრილის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა. ასევე, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ლაზარემ, 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე შსს-ს კუთვნილ მანქანას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. სახელმწიფო ბიუჯეტს კი მისი ამ ქმედებით 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალი 30 მარტს წარუდგინეს, მოსამართლემ კი 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. ლაზარეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავებიან.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ შემთხვევაში, ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს.
რაც შეეხება “რუსულ კანონს” – “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის მარტში მისი მიღება ვერ შეძლო. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა, მიუხედავად ამ სიტყვებისა, ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ მაინც იგივე ხდება.