ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია, პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო – ჰერჩინსკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე

0
101

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია და რომ “პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო”.

ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართველ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ. ელჩის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ჩვენ ყველას გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ოდირს არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგენს საკმარის რესურსს, რომ გვქონდეს ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე. ჩვენ, ასევე, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია.

მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.

წინა სტატია“ენგურჰესის” გენდირექტორი ენგურის ხიდზე ტრანსფორმატორის გადატანას ადასტურებს
შემდეგი სტატიაპესკოვი ამბობს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” ომი გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური