მთავარისიახლეებითანამდებობის პირების რიტორიკა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას -...

თანამდებობის პირების რიტორიკა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას – TI მართლმსაჯულების რეფორმაზე

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. ორგანიზაციის აზრით, ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას.

“ამ მოთხოვნების შეუსრულებლობამ კი შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას”, – წერს TI.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს:

სამუშაო პროცესის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა, რომელიც საგამონაკლისო წესით შეაფასებს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს; სასამართლოების თავმჯდომარეებს; ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე დასანიშნ/ასარჩევ კანდიდატებს; ამ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.
კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვას, მოსამართლეთა მივლინების საფუძვლების დაკონკრეტებას და ამ პროცესში საბჭოს დისკრეციის შეზღუდვას და დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწას შეეხება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვაში იგულისხმება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების დაბალანსებული როლი, საბჭოს წევრების მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობის შეზღუდვა და საბჭოს შემადგენლობის ეტაპობრივი განახლების შესაძლებლობა.
პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდა.
პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკომისიის ტექნიკური თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის სისტემის (TAIEX) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან. ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს კარიერულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების საპროკურორო საბჭოსთვის გადაცემა და საპროკურორო საბჭოში პროკურორ და არაპროკურორ წევრებს შორის უკეთესი ბალანსის დადგენა.
ევროკავშირის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 27 ნოემბერს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რომელშიც მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით მხოლოდ სამი აქტივობაა გათვალისწინებული – მათგან ერთი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, ხოლო მომდევნო ორი აქტივობა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაზე მხოლოდ ზოგად მითითებას აკეთებს.

“დოკუმენტი იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა. ამ დროისთვის ცნობილია პრემიერ მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ კომპონენტს – მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ეხება.

ამავდროულად, პარლამენტმა უმრავლესობის დეპუტატების მიერ 2023 წლის ოქტომბერში ინიცირებული იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ვენეციის კომისიას უარყოფითად აქვს შეფასებული. ვენეციის კომისიის დასკვნით, სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემის მოგვარებას მრავალხმრივი და ყოვლისმომცველი რეფორმა სჭირდება, რაც ამ კანონპროექტით ვერ მიიღწევა”, – აცხადებს ორგანიზაცია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხედვით, მთავრობამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

შეაფასოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და გამოკვეთოს სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საჭიროება.
შექმნას სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დანახულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს გაითვალისწინებს.
შექმნას დროებითი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების გადამოწმება.
შექმნას გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლითაც საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ძალაუფლების დაბალანსება, კერძოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ორმაგი 2/3-ის პრინციპით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს პარლამენტმა დაასრულოს კონსტიტუციური კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდას.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...