მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დასტურია, შეუტიე, აიღე ქალაქი!" | დაშიფრული დეპეშები ლენინ-სტალინსა და "კავბიუროს" წევრებს შორის)

“დასტურია, შეუტიე, აიღე ქალაქი!” | დაშიფრული დეპეშები ლენინ-სტალინსა და “კავბიუროს” წევრებს შორის)

Published on

“კავბიუროს” წევრებსა და კრემლში მყოფ ლენინ-სტალინს შორის, საქართველოში შეემოჭრამდე კარგა ხნით ადრე, აქტიური მიმოწერა იყო გაჩაღებული. მათმა უმრავლესობამ დღის სინათლე მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ იხილა. მიმოწერიდან კარგად ჩანს, როგორ ვიწროვდებოდა საქართველოს ირგვლივ “წითელი ყულფი”.

ამიერკავკასიაში სამხედრო ინტერვენცია ბოლშევიკურმა რუსეთმა 1920 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ზამთარში კომუნისტებმა სამოქალაქო ომში ადმირალ კოლჩაკის დამარცხება შეძლეს, რამაც მათ დასავლეთის ფრონტზე დამატებითი ძალების გადასროლის საშუალება მისცა. მარტში ბოლშევიკთა მე-11 არმიამ სამხრეთ რუსეთში წარმატებული ოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად კომუნისტების კონტროლქვეშ მოექცა.

ბოლშევიკთა მორიგი სამიზნე უკვე ამიერკავკასია იყო. სერგო ორჯონიკიძე, რომელიც XI არმიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გახლდათ, შემდგომი მოქმედების დირექტივებს პირადად ლენინისგან იღებდა. 1920 წლის 17 აპრილს ორჯონიკიძემ ლენინისგან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო:

“ლენინი – ორჯონიკიძეს. ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ.ამასთან აუცილებელია განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ… იგივე ეხება საქართველოს,თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ.”

დეპეშის მიღებიდან 11 დღეში აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. XI არმიის ნაწილეებმა 1920 წლის 28 აპრილს ბაქო ფაქტობრივად, ბრძოლის გარეშე დაიკავეს. აზერბაიჯანში მიღწეული წარმატების შემდეგ ბოლშევიკებმა საქართველოს მყისიერი გასაბჭოებაც სცადეს. კავბიუროს თავმჯდომარემ სერგო ორჯონიკიძემ, 4 მაისს მოსკოვში ოპტიმისტური დეპეშა გააგზავნა, სადაც კრემლს აცნობებდა, რომ XI არმიის აზერბაიჯანში გამოჩენამ საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მშრომელთა მასების აჯანყება გამოიწვია.

“მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს. ბაქო 1920 წ. 4 მაისი. ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟლეტვას გამოიწვევს. ორჯონიკიძე.”

1920 წლის 4 მაისს რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ ორჯონიკიძის დეპეშა განიხილა და დაადგინა, რომ საქართველოს გასაბჭოებისაგან კავბიუროს დროებით თავი უნდა შეეკავებინა. იმავე დღეს ორჯონიკიძემ ლენინისა და სტალინის ხელმოწერით შესაბამისი დეპეშაც მიიღო:

“ცენტრალური კომიტეტი გავალებთ თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ ზავი საქართველოსთან გამორიცხული არ არის. დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ზუსტი ცნობები საქართველოში აჯანყების შესახებ. ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს დავალებით, ლენინი, სტალინი.”

6 მაისს ორჯონიკიძეს მოსკოვიდან სტალინი დაუკავშირდა:

სტალინი ორჯონიკიძეს: “შენ ალბათ უკვე მიიღე დეპეშა ლენინისა და ჩემი ხელმოწერით, რომ ცეკა გავალებს შენ მიიღო ყველა ზომა, გაიყვანოთ სამხედრო ნაწილები რუსეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისაკენ და ხელი აიღოთ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე შეტევითს მოქმედებაზე. მე მოვედი აპარატთან იმისთვის, რომ გავიმეორო ცეკას ეს მოთხოვნა. მხედველობაში მქონდა, რომ ცეკას მოთხოვნა ნაკარნახევია საერთაშორისო მდგომარეობის თანამედროვე ვითარებით. გარდა ამისა, პოლიტბიუროს სურს, იცოდეს აჯანყებულთა მდგომარეობა, რომლის შესახებ შენ გვაცნობებდი და მივიღოთ მათს შესახებ რაც შეიძლება დაწვრილებითი ცნობები.”

ორჯონიკიძე იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოს გასაბჭოებაზე დროებით უარი ეთქვა. მაგრამ, საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ აეხსნა მოსკოვისთვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ოკუპაციას რუსეთისთვის:

“ორჯონიკიძე, კიროვი – ლენინს, სტალინს, ჩიჩერინს. სრულიად საიდუმლოდ (დაშიფრული). “თქვენს ბრძანებას ზუსტად შევასრულებთ. წინა მოსაზრების გარდა მოგვყავს შემდეგიც:
1. თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთის იყოს. საქართველო უკვე ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აზერბაიჯანში კონტრრევოლუცია ასაზრდოოს, აგრეთვე ინტრიგებს ეწევა მთიელთა შორის, მილიონებს ყრის იქ, აქეზებს მთიელებს დამოუკიდებლობისთვის. იმავდროულად საქართველო ზოგიერთ აგრესიულ ზომებს იღებს საბჭოთა აზერბაიჯანის წინააღმდეგ;
2. საქართველო სამხრეთში კონტრრევოლუციურ კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს კონტრრევოლუციას ჩრდილო კავკასიაში. ამ მხრივ საქართველოს არავითარი ხელშეკრულების, არავითარი განცხადების ნდობა არ შეიძლება;
3. საქართველოში არის ფართლეულობა, რომლითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ ყუბანი, სტავროპოლი და გამოვიტანოთ პური, რომელიც თერგს, დაღესტანს, აზერბაიჯანს სჭირდება;
4. თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ;
5. საქართველოს მებრძოლ ძალთა მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელია ჩვენი ჩარევისთვის. აქ შესაძლებელია მცირედი ცვლილებებით იგივე განმეორდეს, რაც აზერბაიჯანში მოხდა. მეამბოხეთა რაიონებია: სამხრეთ ოსეთი, დუშეთის მაზრა, ლაგოდეხისა, აფხაზეთი და თითქმის მთელი ქუთაისის გუბერნია. თუ ჩვენ საზღვრისკენ დავიძარით, აღნიშნულ რაიონებში აჯანყება გარდაუვალია. რას გვიბრძანებთ მხარი დავუჭიროთ მას თუ არა?! ჩვენი აზრით, საქართველოსთან დასადები ზავის პირობებში აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნა: საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება საქართველოში. ჩვენი ცნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მენშევიკები მზად არიან ამისთვის, ოღონდ ძალიან ივაჭრებენ. 7 მაისი 1920 წ.”

იმავე დღეს ორჯონიკიძემ მოსკოვიდან დაშიფრული დეპეშა მიიღო, სადაც სტალინი კავბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს გასაბჭოების ოპერაციის გადადების მიზეზებს უხსნიდა.

“სტალინი – ორჯონიკიძეს. ის რასაც შენ ლაპარაკობ საქართველოს მთავრობის შესახებ, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ვითარება ახლა ისეთია, რომ ახლა სიჩქარე საქართველოსთან მისი საბჭოთად გადაქცევის თვალსაზრისით, ჩვენ არ მიგვაჩნია აუცილებლად – სულერთია, რამდენიმე თვის შემდეგ თუ კომუნისტები იქნებიან ლეგალიზებულნი, იგი ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ არსებობს.
გირჩევ დაარწმუნო საქართველოს როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით,რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისთვის. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ჩვენი ჯარების, ასევე აზერბაიჯანის ჯარების მხრივ შეტევითი მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება და ჩვენ ხვალვე, უკიდურეს შემთხვევაში ზეგ, დავდებთ ხელშეკრულებას საქართველოსთან, რის შესახებაც შენ დაწვრილებით გაცნობებთ.
თქვენს უკანასკნელ დეპეშას 12 მაისისთვის თბილისის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენს პოლიტიკასთან აბსოლუტურად შეუთავსებლად ვთვლით. სომხეთთან, ისევე როგორც საქართველოსთან დამოკიდებულებაში აზერბაიჯანმა უნდა დაიკავოს თავისი ტერიტორიის ყოველმხრივ დაცვის პოზიცია, დაიცვას თავისი საზღვრები მთელი ძალებით, მაგრამ არ გადავიდეს მოსაზღვრე სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.”

1920 წლის შემოდგომაზე სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ ბოლშევიკებმა ამიერკავკასიისთვის “მოიცალეს”. 1920 წლის ნოემბერს ბოლოს რუსებმა ერევანი სამ დღეში დაიკავეს. ბოლშევიკთა ხელმძღვანელები საქართველოს ანექსიის შესახებ ღიად ალაპარაკდნენ.

“12 დეკემბერი 1920. ორჯონიკიძე – ლენინს, სტალინს: საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენ მას დიდიძალისხმევის გარეშე მოვუღებთ ბოლოს: ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ აჯანყებები ბორჩალოს მაზრაში, აფხაზეთში,აჭარაში, დუშეთის მაზრაში. კიდევ ერთხელ გაცნობებთ ამას და ველით განკარგულებას.

“17 დეკემბერი 1920 წელი. ლენინი, ტროცკი – ორჯონიკიძეს. ეს-ეს არის წავიკითხეთ ნომერი პირველი დაშიფრული წერილი. აი პასუხი; ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას. შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს. ცენტრალური კომიტეტი არავითარ შემთხვევაში არ გრთავთ ნებას. კატეგორიულად მოვითხოვთ გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებას და გაუქმებას.” 

ორჯონიკიძე ცეკას მითითებას კიდევ ერთხელ დაემორჩილა:

“17 დეკემბერი 1920 წ ბაქო. ორჯონიკიძე – ლენინს, ტროცკის. მივიღეთ ლენინისა და ტროცკის პასუხი, ნათელი და გასაგებია. გთხოვთ გადასცეთ ლენინსა და ტროცკის, რომ ყველაფერს შევასრულებთ.”

1921 წელს, ორჯონიკიძე კიდევ უფრო გააქტიურდა.

“2 იანვარი 1921 წ.
რკპ (ბ) ცეკას კავბიუროს სახელით ორჯონიკიძე, კიროვი – ცეკას წევრებს (ასლი ტროცკის). “სრულიად საიდუმლოდ. მოკლედ გაცნობებთ ჩვენს მოსაზრებას იმაზე, თუ რატომ მიგვაჩნია საჭიროდ მენშევიკური საქართველოს ახლავე გასაბჭოება.
1. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აღვნიშნავდით, რომ მაშინვე უნდა გაგვესაბჭოებინა საქართველოც, როგორც კონტრრევოლუციის ბაზა საქართველოში. ამის შემდეგ კავკასიაში დატრიალებულმა ამბებმა უცილობლად დაამტკიცეს ეს:
საქართველოს მთავრობამ საქართველოსკენ დახეული ყველა დენიკინელი ყირიმში გადაისროლა; ჩრდილოკავკასიასა და აზერბაიჯანში მომხდარ ყველა აჯანყებაში საქართველო უშუალოდ მონაწილოებდა. ჩრდილოკავკასია მტკიცედ რომ დავიმკვიდროთ, საჭიროა საქართველო გავასაბჭოოთ;
2. საბჭოთა სომხეთი საბჭოთა საქართველოს გარეშე ფაქტობრივად უფრო თურქეთის გავლენის ქვეშ რჩება, ვიდრე ჩვენი გავლენის ქვეშ, რადგან სომხეთისკენ მიმავალი რკინიგზა საქართველოზე გადის. ამჟამად საქართველო სომხეთისკენ პურსაც კი არ ატარებს;
3. ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარება გვაიძულებს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები ვიყოლიოთ აზერბაიჯანში, რაც ერთობ არასასურველია მოსახლეობისათვის და მავნეა ჯარის ნაწილებისათვის. ასეთმა ვითარებამ შეიძლება სახიფათო ფორმები მიიღოს და გართულებები შექმნას თვით აზერბაიჯანში;
4. ჩვენგან საქართველოს გასაბჭოება, ბათუმის დაკავება ანტანტას წაართმევს წინააღმდეგობის უკანასკნელ ბაზას სამხრეთში;
5. საქართველოს გასაბჭოება ახლა ამიტომაც არის საჭირო, რომ ანტანტამ ჯერ ვერ მოასწრო ვრანგელის არმიის ნაშთების ორგანიზება და არ ჰყავს საკმაო ძალები ჩვენს წინააღმდეგ;
6. იმის იმედი, რომ თვით საქართველოში შიგნიდან მოხდება გადამწყვეტი აფეთქება არ უნდა გვქონდეს. ამას ამტკიცებს ის ამბები, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ჩვენს დაუხმარებლად გასაბჭოება არ ძალუძს;
7. საბაბი საქართველოს საქმეებში ჩვენი ჩარევის გვაქვს. საამისოდ საჭირო არ არის აშკარად თავს დავესხათ საქართველოს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოძრაობა აფხაზეთში, აჭარაში, ბორჩალოს მაზრაში, სადაც საამისო ნიადაგია. ამ მხრივ ჩვენი დახმარება შეუძლია აგრეთვე თურქეთსა და სომხეთს და შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მხსნელებად მოვევლინოთ საქართველოს, რომელიც იხრწნება და ანარქიას ეძლევა.” 

კრემლში ორჯონიკიძის მოსაზრებები განიხილეს და საქართველოს გასაბჭოებაზე კვლავ უარი უთხრეს. ორჯონიკიძე თავისი მოუთმენლობით, რუსეთის გეგმებს არღვევდა:

12 იანვარი 1921 წ. “კავბიუროს საქართველოს გასაბჭოებაზე უარი ეთქვას. დირექტივა მიეცეს კავბიუროს ზუსტად დაიცვან ამ საკითხზე უკვე არსებული ცეკას გადაწვეტილება.”

დასავლეთთან ვითარების დალაგების შემდეგ რუსეთმა აქტიური მოქმედება დაიწყო. ბოლშევიკთა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საჭირო საბაბი ლენინის მისამართით 20 იანვარს გაგზავნილ წერილში ასახა:

ჩიჩერინი – ლენინს. “საქართველო ისე გავიდა თავს, რომ შეიძლება იძულებული გავხდეთ და გავასაბჭოოთ იგი. თქვენ იცით მოვლენათა თანამიმდევრობა: საქართველომ უარი თქვა მთლიანად შეესრულებინა ხელშეკრულებაზე დაფუძნებული შეთანხმება, რომელიც მის ნავსადგურში შესული ჩვენი გემების დაბრუნებას გულისხმობს. გარდა ამისა, დააპატიმრა ჩვენი თანამშრომლები, მასობრივ რეპრესიებს მიმართა კომუნისტთა წინააღმდეგ და უარი თქვა შეესრულებინა ამ საკითხზე ჩვენთან დადებული შეთანხმება.”

ამ წერილზე ბოლშევიკთა პარტიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა:

“24 იანვარი 1921 წ. სტალინი – ცეკას წევრებს. წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში.”

საქართველოს გასაბჭოებისთვის მოსკოვმა კავბიუროს მწვანე შუქი 1921 წლის 26 იანვარს აუნთო:

“სტალინი – ორჯონიკიძეს. ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს.”

“ლენინი – ორჯონიკიძეს.

26 იანვარს სტალინმა გამოგიგზავნათ დაშიფრული დეპეშა N1225, რომლის პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ძალიან შეშფოთებული ვართ და გთხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ.” 

“6 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე – ლენინს და სტალინს. “საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო კონტრრევოლუციის შტაბად ახლო აღმოსავლეთში. აქ მოქმედებენ ფრანგები, აქ მოქმედებენ ქიაზიმ-ბეი და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები.

ჩრდილო-კავკასიის მთიელ აჯანყებულთა დასახმარებლად იგზავნება მილიონები. სასაზღვრო ზოლში ქმნიან ბანდ-ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო ნაწილებს. აუცილებელად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელსაც უქმნის საქართველო ბაქოს რაიონს. ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში აჯანყების დაწყებითა და მისი სწრაფი გასაბჭოებით.”

11 თებერვალს ლორეს რაიონში კომუნისტური აჯანყების პროვოცირების შემდეგ კრემლმა XI არმიას შესაბამისი დირექტივა 14 თებერვალს მისცა. საქართველოში XI არმიის შეჭრის ბრძანებას ხელს თავად ლენინი აწერდა:

“ლენინი – XI არმიის სამხედრო რევოლუციურ საბჭოს: ცეკა თანახმაა, რომ მე-11 არმიამ აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში მომხდარ აჯანყებას და დაიკავოს თბილისი. ამასთანავე, მე-11 არმიამ ქალაქის აღების დროს უნდა დაიცვას ყველა საერთაშორისო ნორმა. გაფრთხილებთ, რომ ტრანსპორტის უქონლობის გამო, უპუროდ ვსხედვართ და ვერც ერთ ვაგონს ვერ მოგცემთ. იძულებულები ვართ კავკასიიდან მარტო პური და ნავთი ვზიდოთ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გვიპასუხოთ პირდაპირი მავთულით, პასუხს ხელი მოაწეროს მე-11 არმიის რევოლუციური საბჭოს ყველა წევრმა.”

15 თებერვალს მოსკოვში მორიგი დეპეშა იგზავნება.

ორჯონიკიძე, ელიავა – ლენინს, სტალინს: “ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთაწინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ გვექნება. ქართული არმიის მორალური მდგომარეობა დაბალ დონეზეა. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს.” 

რამდენიმე საათში მოსკოვიდან პასუხი მოვიდა.

“სტალინი ორჯონიკიძეს: “ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი.”

ორჯონიკიძეს მალევე კრემლის ოფიციალური ბრძანება მიუვიდა:

“15 თებერვალი 1921 წელი. ლენინი მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს: “ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაციაწარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ დასწრაფ მოქმედებას. თუ ნეიტრალურ ზონაში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI არმია არც ამას უნდა მოერიდოს.”

ამ დეპეშას ჰქონდა სტალინის მიერ ხელით მინაწერი:

“სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ.”

1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის მიერ დაკავებულ შულავერში, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა. რევკომში ძირითადად ის ქართველი კომუნისტები შედიოდნენ, რომლებიც 1918-1920 წლებში საქართველოს მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ქვეყნიდან გააძევა. რევკომის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესარიონ კვირკველია.

16 თებერვალს შულავერის კომიტეტმა ვლადიმერ ლენინს სამხედრო დახმარების შესახებ თხოვნა გაუგზავნა. 16 თებერვლიდან რუსეთმა საქართველოზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ბორჩალოს მაზრის გარდა, XI არმიამ საქართველოს საზღვარი წითელი ხიდიდან და ფოილოს სარკინიგზო ხიდიდანაც გადალახა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან ომის დაწყების მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდა, ჟორდანიას კრემლმა პასუხიც კი არ გასცა.

1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს 25 თებერვალს 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან საქართველოს დედაქალაქში XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. იმავე დღეს ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობილი დეპეშა გააგზავნა:

25 თებერვალი 1921 წელი. “ორჯონიკიძე – ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”

სიახლეები

მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა – მაია სანდუ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს: "გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი...

ცესკო მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს -ნათია მეზვრიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, ცესკო მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ...

ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც თოლორაია სოციალურ ქსელში წერს, ის...

ზელენსკი სანდუს გამარჯვებას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ მოლდოველებმა აირჩიეს ევროპა, ეკონომიკური...