იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.
მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მაშველებმა მანამდე ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება”, – თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, მიწის დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70%-ია დარჩენილი ამ მასისგან გასასუფთავებელი ადგილი.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.