ვითხოვთ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას! – გამოსახლების დროს დაკავებულთა მხარდამჭერი პეტიცია

0
64

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას!” – თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით მწერალმა და მუსიკოსმა, ზურა ჯიშკარიანმა პეტიცია შექმნა.

ტექსტში ნათქვამია, რომ გამოსახლების დროს ისინი არ იქცეოდნენ გამიზნულად პოლიციის წინააღმდეგ, ეს არ იყო წინასწარი ჩანაფიქრი და მათ გამოსახლების არაადამიანური ფორმები გააპროტესტეს, მოქმედებდნენ საკუთარი და ადამიანური სინდისის კარნახით. ასევე აღნიშნულია, რომ დაკავებულებმა მანქანა ძალადობრივი შეჭრისგან ყურადღების გადმოტანის მიზნით ჩაამტვრიეს.

“ჩვენ მიგვაჩნია რომ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა ამ შემთხვევაში არის გაუგონარი დანაშაული, შეცდომა და დაცინვა. ჩვენ მიგვაჩნია რომ ადამიანები, რომლებიც ძალადობას აღუდგებიან ასე “სამაგალითოდ” არ უნდა ისჯებოდნენ. მიგვაჩნია რომ ამ სასჯელის შეფარდების შემთხვევაში ეს იქნება “სიგნალი” პატიოსანი ადამიანებისთვის, მათ “შესაშინებლად” და ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა პროკურატურისა და სახელმწიფოს მხრიდან” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ამ დროისთვის [13:55] პეტიციას 800-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ხასაია და ჩიქობავა ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. იხილეთ ტექსტი:

“როცა ქვეყნის მთავარი “ხულიგნები” არიან საქართველოს ისტორიის ლექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანთროპოლოგიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და პროკურატურა ითხოვს მათ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობას – ესეიგი რაღაც არასწორად მუშაობს სახელმწიფოში.

უნდა დავსვათ კითხვა: ნუთუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები რომლებიც თვეებსა და წლებს უძღვნიან წიგნების კითხვას, სწავლასა და ცოდნის გაზიარებას – კრიმინალები არიან?

ან იქნებ იმაშია საქმე რომ უსამართლობის დონე ისეთი მაღალია ქვეყანაში, რომ ეს ხალხი იძულებულია აკადემიიდან ქუჩაში გამოვიდეს?

რაღაც არასწორად მუშაობს სახელმწიფოში…

როგორ შეიძლება დრაკონული მევახშეობა იყოს წახალისებული კანონის მიერ?

მრავალშვილიანი ოჯახების გამოსახლება და ქუჩაში დატოვება იყოს წახალისებული კანონის მიერ?

როგორ შეიძლება გამოსახლების ოპერაციაში მონაწილეობდეს ათეულობით აღსრულების პოლიციის აგრესიული თანამშრომელი, რომელსაც უფლება აქვს გაანგრიოს და გაჭრას კარი და იქ მყოფ ადამიანებს მხუთავი აირი(!) შეუგდოს? (ძალადობრივი გამოსახლებისას, 23 იანვარს კეკელიძის 1 ნომერში პროტესტის მონაწილეებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდნენ მოხუცები და არასრულწლოვანები)

რატომ არის რომ პატრული, რომელიც ემსახურება საქართველოს, ორ მხარეს შორის კი არ დგას მშვიდობის დასაცავად, არამედ მევახშეების მხარეს იჭერს და ცემს ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს ძალადობრივად უშლის ხელს საქმიანობაში, აკეთებს კორდონს იმისათვის რომ მევახშემ წყნარად შეძლოს სადარბაზოს კარის განგრევა? თუ ისინი თვლიან რომ ამით ემსახურებიან საქართველოს, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები ვამბობთ რომ ისინი არასწორ მხარეს დგანან. საქართველო არ არის მევახშეობა, გამოძალვა, სტუდენტის ცემა, ლექტორის დაპატიმრება, ფულის კეთება უღირსად და ოჯახების გამოყრა ზამთრის ყინვაში. უსამართლობის გაპროტესტება, ჩაგრულის მხარეს დგომა და თავისუფლებისთვის ბრძოლა უფრო გვგონია ჩვენ საქართველო.

და აქ მოდის “მთავარი” არგუმენტი: კანონი ამბობს ასე და ასე.

კაცობრიობა იმიტომ ვითარდება რომ დრომოჭმულ ან არაზნეობრივ კანონებს მუდმივად ცვლის და ახლებით ანაცვლებს. თუ კანონი ამბობს ასე, მაგრამ ეს კანონი ანტიჰუმანურია, დამამცირებელია, უზნეოა – საჭიროა შეიცვალოს კანონი!”

ბრალდება დაკავებულებს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

წინა სტატიაკობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიამოსკოვი ახალ იარაღს კურილის კუნძულებზე განათავსებს – მედვედევი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური