ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ემიგრანტების სრულ იგნორირებას ახდენს, – ამის შესახებ განცხადებას პარტიები “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” ავრცელებენ.
მათი განცხადებით, ცესკომ დაამტკიცა 2024 წლის საარჩევნო გეგმა, სადაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა ნახსენებიც არ არის. გარდა ამისა, საარჩევნო კომისიამ ემიგრანტების თემა ბიუჯეტშიც კი არ გაითვალისწინა.
“ცესკო ემიგრანტების სრულ იგნორირებას ახდენს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამტკიცა 2024 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც არათუ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე არ წერია რამე, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ერთხელ არის ნახსენები, ისიც ინფორმაციის გავრცელების ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ცესკოს და ოცნების მიზანს – არჩევნების მიღმა დატოვოს და ხმის უფლება წაართვას მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.
სამოქმედო გეგმაში ცალკე ამოცანად არის გამოტანილი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რისთვისაც ცესკო აპირებს სამუშაო შეხვედრების გამართვას სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საარჩევნო უბნებისთვის შენობების გამოყოფის შესახებ, თუმცა არაფერია ნათქვამი საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე, რაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი.
ცესკომ ემიგრანტების თემა ბიუჯეტშიც არ გაითვალისწინა. 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ცესკოს არ გამორჩა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საინფორმაციო – სასწავლო ინტერნეტ თამაშის მოდიფიცირება და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება.
2024 წლის საბიუჯეტო განაცხადში კადრების მომზადება-გადამზადებისათვის ცესკოს მხოლოდ 100.000 ლარი აქვს გაწერილი. უცხოეთის ქვეყნებში საარჩევნო უბნების გახსნა საჭიროებს ადგილზე ჩართული პირების გადამზადებას და აღნიშნული თანხა სავსებით არ შეესაბამება ამ მიზანს. თავი – „საარჩევნო გარემოს განვითარება“ ითვალისწინებს წინასაარჩევნო პერიოდში სამივლინებო ხარჯებს. ქვეყნის შიგნით მივლინებისათვის ცესკომ 669,800 ლარი გაიანგარიშა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის მხოლოდ 160,000, რაც ნათლად მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ გეგმავს უცხოეთის ქვეყნებში საარჩევნო უბნებისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას. თავი – „არჩევნების ჩატარება“ კი სამივლინებოდ სულ 500,000 ლარს მოიცავს, საიდანაც ქვეყნის შიგნით მივლინებაზე 500,000, ხოლო საზღვარგარეთ მივლინებაზე 0 ლარია გაწერილი.
მოგეხსენებათ, 50 ამომრჩევლის მოთხოვნით ცესკო ვალდებულია, გახსნას საარჩევნო უბანი. მთელი რიგი ქალაქებიდან ცესკოში უკვე შესულია შესაბამისი მოთხოვნა, რომლის გათვალისწინება კანონის თანახმად ცესკოს ვალდებულებაა.
მივმართავთ ცესკოს, ამომრჩევლის 1/3-ის არჩევნებში მონაწილეობის გარეშე 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ნაცვლად დესტრუქციისა და საბოტაჟისა, უზრუნველყავით მილიონზე მეტი ქართველის არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება”, – ვკითხულობთ “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ერთობლივ განცხადებაში.