მთავარისიახლეებიკანდიდატის სტატუსი საქართველოს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასა და მოლდოვასთან - EU-ის სამიტის...

კანდიდატის სტატუსი საქართველოს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასა და მოლდოვასთან – EU-ის სამიტის გადაწყვეტილების პროექტი

Published on

ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას – ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტი „ნეტგაზეთმა“ მოიპოვა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება შეიცვალოს.

ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია:

“ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, მიიღოს შესაბამისი მოლაპარაკებების ჩარჩოები მას შემდეგ, რაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში;

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები;

ევროპული საბჭო მზადაა, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი;

ევროკავშირი მზად არის, დაასრულოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპი, როგორც კი ჩრდილოეთ მაკედონია დაასრულებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს ჩრდილოეთ მაკედონიას, დააჩქაროს ამ ცვლილებების დასრულება.

დასკვნის პროექტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც მათ წინაშე დადგა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.”

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.

უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. კონსენსუსის არარასებობამ შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა.

გადაწყვეტილება ხვალ, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...