მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ არიან კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებული აფხაზი "მილიციელები" | რა მოხდა წარჩეში

ვინ არიან კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებული აფხაზი “მილიციელები” | რა მოხდა წარჩეში

Published on

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, “ოდიშინიუსმა” პირველმა გაავრცელა ინფორმაცია გალის რაიონის სოფელ წარჩეში, აფხაზი ე.წ. მილიციელების მიერ ნაცემი თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ. 

კარბაია 9 დეკემბერს, სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკას მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მიმართა: კარბაიას აღენიშნებოდა მოტეხილობები, თავის ქალის დაზიანება, ჰქონდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები როგორც სხეულზე, ასევე სახეზე. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

თემურ კარბაიასა და აფხაზური ე.წ. მილიციის თანამშრომლებთან კონფლიქტი 7 დეკემბერს მოხდა, თუმცა, ამ კონფლიქტის მილიციისეული ვერსია კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც სინამდვილეში მოხდა. 

კარბაიას გარდაცვალების შემდეგ ე.წ.-მა შსს-მ განაცხადა, რომ თემურ კარბაია (დაბ.1979წ.), გალის ბაზარში დააკავეს მას შემდეგ, რაც განყოფილებაში შევიდა სატელეფონო შეტყობინება, ბაზარში მყოფი აგრესიული მოქალაქის შესახებ, რომელიც გამვლელებსა და გამყიდველებს აგინებდა და ეჩხუბებოდა. თვითგამოცხადებული შსს-ს ვერსიის თანახმად, ის დააკავეს და გადაიყვანეს გალის განყოფილებაში, სადაც ასევე აგრძელებდა აგრესიას და ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას, რის გამოც გადაიყვანეს გალის საავადმყოფოში, საიდანაც პროფილაქტიკური ღონისძიებების შემდეგ გაუშვეს 7 დეკემბერს, დილით.

მათივე განცხადებით, კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს 9 დეკემბერს, სადაც გარდაიცვალა, ხოლო სოხუმში მიიყვანეს გალის საავადმყოფოდან, რომელსაც თავად მიმართა და განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

თვითგამოცხადებული შსს-ს განცხადებით, კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

თუმცა “ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ არც მოკვლევა მიმდინარეობს და არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მეტიც: სოხუმიდან გალში ჩასულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა იმ “მილიციელებს” ვინც კარბაიას სცემა, ურჩია, ცოტა ხნით არ გამოჩენილიყვნენ, დაკრძალვას დალოდებოდნენ და საქმის ჩაფარცხვას დაჰპირდა. 

კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებული, ანუ იმ ე.წ. მილიციელების ვინაობა, რომლებმაც ახალგაზრდას სასიკვდილოდ სცემეს, ცნობილია. “ოდიშინიუსის” ინფორმაციით, ესენი არიან დავით კვეკვესკირი, ვიანორ აბშილავა და ალიკა ზარაქუა. 

გალის ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის გარდა, “მილიციის ბესპრედელზე” უკვე ხმამაღლა საუბრობენ არაქართველებიც. მაგალითად, გალის საავადმყოფოს იმ ექიმმა, რომელმაც თემურ კარბაია მიიღო, თქვა, რომ “შემოყვანის დროს მას სხეულზე ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც დაზიანების კვალი არ ეტყობოდა”. მისივე თქმით, კარბაიას მოტეხილობებიც მრავლად აღენიშნებოდა. 

თემურ კარბაიას ცხედრის სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ცხადია, კარბაიას ოჯახის წევრები პრეტენზიას ვერ უყენებენ მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან კარბაიას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და, ფაქტობრივად, მძევლები არიან. 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გალის რაიონიდან გაიტაცეს და წამების შემდეგ მოკლეს კიდევ ერთი ადგილობრივი ქართველი გოგო – ნათია ბახტაძე. მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი, რის გამოც, სავარაუდოდ, საქმე მალე დაიხურება, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა ე.წ. მილიციაში და ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია, ცხედრის (მტკიცებულების) არარსებობის გამო, მალე გაათავისუფლებენ და საქმესაც დახურავენ. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...