“60%-იანი ალბათობით საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ”-იოზვიაკი

0
119

60/40-ზე – ასე აფასებენ კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველოს შანსებს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში.

“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით “მთავარ არხთან” ამბობს, რომ დიდი ალბათობით გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება, თუმცა კონკრეტული, მკაცრი დათქმები გაიწერება. მათ შორის, ჩანაწერი იქნება შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებითაც.

“მე ვესაუბრე ადამიანს, რომელსაც ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და მან მითხრა, რომ შანსები არის 60-40-ზე, ანუ 60% ალბათობაა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ადრე 50-50-ზე იყო. სხვებმაც მითხრეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და ეს საკითხი კიდევ ერთხელ იქნება განხილული ორშაბათს, როდესაც კაბინეტების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და მოლაპარაკებები, ალბათ, 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ კომისია საერთოდ არ დაწერს არანაირ რეკომენდაციას. არამედ დაწერენ იმას, უბრალოდ რა ხდება საქართველოში მათი აზრით და შემდეგ საშუალებას მისცემენ წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, რომ თავად გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას რა სტატუსი მისცენ. თუმცა, ეს ვერსიაც მოიკოჭლებს, იმიტომ რომ ევროკომისიას სურს, რომ უკრაინას დადებითი შეტყობინება გაუგზავნოს, თან ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში იქნება. ასე რომ, ჩემთვის ახლა ერთი რამ დარჩა საკითხავი, რამდენად ბუნდოვანი ან მკაფიო იქნება მოხსენება. თუმცა, მჯერა, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს,” – ამბობს იოზვიაკი.

რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტორებს, იოზვიაკი ამბობს, რომ ასეთი ფაქტორები ბევრია და ხაზს უსვამს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, საქართველოში გაზრდილ პოლარიზაციის მაჩვენებელს, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ფრენების აღდგენასა და “ქართული ოცნების” რიტორიკას საერთაშორისო პარტნიორებთან.

“ბევრი პატარა დეტალია, რომელთაგანაც იქმნება დიდი სურათი და ეს დიდი სურათი საერთოდ არ არის სახარბიელო. ეს დეტალებია ფრენების აღდგენა რუსეთთან, უცხოეთის აგენტების კანონი, მუდმივი ბრძოლა ერთმანეთთან, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ასე შემდეგ, თუმცა ასევე არის ერთი რამ, რაც ევროკავშირში არ მოსწონთ და ეს არის საქართველოს მთავრობის წევრების დამოკიდებულება. ის ძალიან აგრესიული და თავხედურია, არ ჩანს თანამშრომლობის სურვილი და ეს იწვევს შეკითხვებს, მართლა სურს საქართველოს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსი თუ არა. თუმცა, ამავე დროს არის მოსაზრება, რომ ბევრი რამ გაკეთდა და თან ეს სტატუსი არის სიმბოლური რამ, ერთგვარი დასაწყისი იმისა, რაც მრავალი წელი შეიძლება გაგრძელდეს. ანუ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირს წინ კიდევ სხვა პრობლემები აქვს, ალბათ კანდიდატის სტატუსს საქართველოს მისცემენ იმ არგუმენტით, რომ ეს პრობლემა მოიშორონ. საქართველოსთვის საუკეთესო შემთხვევაში იქნება კანდიდატის სტატუსი და პირობები, რომელთა შესრულების შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ანუ, საქართველო მიიღებს იმას, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს გასულ წელს. არ არის გამორიცხული, რომ იყოს ახალი პირობებიც, რომლებიც დაკავშირებული იქნება მომავალ წელს გასამართ არჩევნებთან,” – ამბობს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს გაფართოების შესახებ ანგარიშს წარადგენს

წინა სტატიაპაატა მანჯგალაძე – ნიკა მელია, როგორც ჩანს, მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია
შემდეგი სტატიააშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა- პროკურატურა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური