მიხეილ სააკაშვილი – თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ

0
125

თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია, – ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.

„მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესების მხარეს იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ – თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. საბოლოოდ, ეს მაინც პატარ-პატარა ნაკადულებია, რომელიც ერთ მდინარეში შეერწყმება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ძალიან მძლავრი ნაკადი და მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები, მაგრამ აბსოლუტურად გახსნილი ვარ ყველა სხვა ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

აუცილებლად მოხდება დიდი ცვლილება. ყველამ თავისი გზა იპოვეთ – რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი საკმარისად ძლიერია. ამიტომ ყველამ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს. საბოლოო ჯამში, გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ.

მე ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს ასამართლებენ.

„საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში – პოლიტიკურად იმ ბანაკში ვართ აღმოჩენილი, სადაც არის „ჰამასი“, რუსეთი და ა.შ. მაგრამ ევროპა ძალით წაგვიყვანს ევროპაში. უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ყველაფერი ნათელი გახდა, შავი და თეთრი ნათელი გახდა, ბოროტი და კეთილი ნათელი გახდა და ასე ნათელი არასდროს ყოფილა ეს. მე, როგორც არასდროს, ვარ ბრძოლისუნარიანი და მზად ვარ, ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად ქვეყნის უბედურების გამოყვანის და დარწმუნებული ვარ, თუ ყველანი ჩავკიდებთ ხელს ერთმანეთს, ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

წინა სტატიადარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც
შემდეგი სტატიაბლინკენი იორდანიაში არაბული სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური