სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს | სამედიცინო დასკვნა

0
113
Georgian former President Mikheil Saakashvili, who was convicted in absentia of abuse of power during his presidency and arrested upon his return from exile, reacts in a defendant's dock during a court hearing in Tbilisi, Georgia, December 2, 2021. REUTERS/Irakli Gedenidze/Pool

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

როგორც გავრცელებულ ინფომაციაშია ნათქვამი, ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.

ექიმ-ექსპერტების დასკვნა:
ჩივილები/ანამნეზი

საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია.
იღებს სეციტას 10მგ/დღ, ტრიტიკო 150მგ/დღ, რის ფონზეც ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებსაც.
გრძელდება სიმპტომური მკურნალობა.

გასინჯვის შედეგი

პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით – 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირ-თითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ.

ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.

ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 140/90, პულსი 78’, წამოდგომისას 120/80, პულსი 100’ ვერტიკალურად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 100’. ტესტი ნეგატიურად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად განვითარებული ტაქიკარდიისა.

პაციენტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარშემოწერილობა D=S 23,5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(23,5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნთების განლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-39სმ, S-39სმ, წვივის გარშემოწერილობა D-32, S-33, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.

ამგვარად, სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი: კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება კვლავ უცვლელი რჩება. პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას.” ნათქვამია დასკვნაში.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, კარდიოლოგმა გიორგი კაჭარავამ და ენდოკრინოლოგმა ნინო ზავრაშვილმა. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე და (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა.

წინა სტატიაარავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი – ბორელი
შემდეგი სტატიაყოფილ პატიმრებს უკრაინიდან ლარსის გავლით საქართველოში 14 დღეა არ უშვებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური