ორი მძევალი – ამერიკის მოქალაქე დედა-შვილი ჰამასმა უკვე გადასცა წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციას: ისინი დატოვებენ ღაზის ტერიტორიას რაფიას საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, გადავლენ ეგვიპტეში, იქედან კი ისრაელში დაბრუნდებიან.
ჰამასის მიერ გათავისუფლებული ამერიკელი დედა-შვილი იუდით რაანანი და 18 წლის ნატალი არიან, რომლებიც აშშ-ში, ილინოისის შტატში ცხოვრობენ და ღაზის სექტორთან ახლოს მცხოვრებ ნათესავთან აშშ-დან სტუმრად იყვნენ ჩასული, 7 ოქტომბერს კი ტერორისტებმა გაიტაცეს.
შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, ჰამასელების ტყვეობაში 200-ზე მეტი მოქალაქე რჩება, აქედან 20-ზე მეტი ბავშვია, რომელთა უმრავლესობის სია უკვე არსებობს:
🔘 11 წლის ოფრი, 8 წლის იუვალი, ოთხი წლის ორია ბროდუჩები კფარ-აზადან გაიტაცეს;
🔘 15 წლის დაფნა და 8 წლის ელა ელიაკიმები კიბუც ნაჰალ-ოზში გამოჩნდნენ კადრში, სადაც ტერორისტებს ჰყავდათ დატყვევებული და, დიდი ალბათობით, ღაზაში გაბრუნებულებმა, თან გაიტაცეს;
🔘 12 წლის ეთან ვაჰალომი, გატაცებულია სახლიდან;
🔘 15 წლის ნოამი და 13 წლის ალმა ორები – კიბუც ბეერში მეზობელმა დაინახა, როგორ გაჰყავდათ ისინი სახლიდან;
🔘 8 წლის ნავე და 3 წლის იაჰელ შოამები – კიბუც ბეერიდან, მშობლებთან ერთად გაიტაცეს.
🔘 12 წლის ნოამ ავიგდორი – გატაცებულია დედასთან და რამდენიმე ნათესავთან ერთად;
🔘 სამი წლის არიელ და 9 თვის კფრი ბიბასები – კადრში მოხვედრილ დედას ეჭირა ხელში, როცა ის ტერორისტებს მიჰყავდათ სახლიდან;
🔘 12 წლის ერეზ კალდერონი – სახლიდან გაიტაცეს რამდენიმე ნათესავთან და ოჯახის წევრთან ერთად, კიბუც ნირ-ოზიდან;
🔘 5 წლის რაზ და სამი წლის ავივ აშერები – გაიტაცეს დედასთან, დორონთან ერთად, როცა ნათესავებს ესტუმრნენ, ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს.