მთავრობა გაეროში რიგგარეშე სხდომას უნდა ითხოვდეს – გენერლების მიმართვა ხელისუფლებას

0
142

საქართველოს მთავრობა ამ დრომდე დუმს – რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რადიოლოკაციურ სადგურებს ამონტაჟებს, ამ ფონზე კი ოფიციალური თბილისი არაფერს ამბობს.

უკვე მეორე დღე, არ წყდება საუბარი იმის შესახებ, თუ რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს რუსეთის ახალი გეგმა საქართველოსთვის – გამოცდილი გენერლები ფიქრობენ, რომ საქმე სერიოზულადაა და მოქმედებაა საჭირო.

საქართველოს მთავრობა დუმს, ამ დროისთვის უნდა ჰქონდეთ განგაშის სიგნალი, უნდა ითხოვდნენ რიგგარეშე სხდომას გაეროში და იქ უნდა მწვავედ იდგეს ეს საკითხი, რომ რუსეთს აქვს მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის. როცა ვლაპარაკობთ ოჩამჩირეზე, აფხაზეთის ტერიტორიული წყლებიდან იქნება, საქართველოს მთლიანობაში გადმოვლენ – შეიძლება ფოთიდან გააკეთონ გასროლა, შეიძლება გასროლა გაკეთდეს ბათუმიდან, ანალოგიური ცეცხლის შედეგად შეიძლება დაზიანდეს ქართული ქალაქები, იმიტომ, რომ ლეგიტიმური სამიზნეა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის,“ – ამბობს მამუკა ყურაშვილი.

რუსეთი რომ ომის გეოგრაფიას აფართოებს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე. როგორც ის ამბობს, ხელისუფლება დაუყოვნებლივ ქმედებებზე უნდა გადავიდეს და რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს.

ის აფართოებს ომის გეოგრაფიას. ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიიდან ის მოახდენს ზემოქმედებას და მისი საზღვაო ფლოტი ჩართული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომში. არ უნდა მოვერიდოთ ჩვენ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების შეწყვეტას და ყველა ბერკეტი და არგუმენტი უნდა იყოს გამოყენებული,“ – ამბობს გიორგი თავდგირიძე.

რუსეთი რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცდილობს ომის გადმოტანას, ამაზე საუბრობს დევი ჭანკოტაძე.

რუსი ოკუპანტი ეძებს სათადარიგო სამხედრო საზღვაო ბაზებს, ერთ-ერთი ვარიანტია ოჩამჩირე, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ეს არის ომის გადმოწევა ჩვენს ტერიტორიაზე, ვიცით, რომ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა, ამიტომ ომი რუსებს გადმოაქვთ საქართველოში. ოკუპანტების სამხედრო ბაზები ოჩამჩირის ბაზასაც მიწვდებიან, ეს არის მუქარა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენმა სახელმწიფომ, რომ ეს არ დაუშვას,“ – ამბობს დევი ჭანკოტაძე.

წინა სტატიაისრაელმა ტერორისტების ტყვეობიდან 250 მძევალი დაიბრუნა
შემდეგი სტატიადროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური