გერმანია 6 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, არალეგალი მიგრანტების სწრაფ დეპორტაციაზე მოლაპარაკებას აწარმოებს | DW

0
117

გერმანია საქართველოსთან, მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან “მიგრაციული პარტნიორობის” შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. პოლიტიკა სხვა საკითხებთან ერთად, გერმანიიდან არალეგალური მიგრანტების სწრაფ დეპორტაციას ითვალისწინებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი განმარტავს, რომ “საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების ათ პროცენტზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის”.

2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მოთხოვნით 7405 განცხადება შეიტანეს, მოლდოვას მოქალაქეებმა – 2124. DW-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს თბილისისა და კიშინიოვის მთავრობებმა.

მედიის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი უზბეკეთთან, ხოლო სექტემბრის ბოლოს – ყირგიზეთთან. საუბარია არალეგალური ლტოლვილების რაოდენობის შემცირებაზე და ამავდროულად გერმანიაში ლეგალური იმიგრაციის შესაძლებლობის შექმნაზე.

კენიასთან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა გერმანიის მთავრობის სპეციალური კომისარი მიგრაციის ხელშეკრულებების საკითხებში, იოახიმ სტემპი.

მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები დაჩქარებული წესით განიხილება, რაც თავშესაფარზე უარის მქონე პირთა სწრაფ დეპორტაციას გამოიწვევს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ნენსი ფესერის თქმით, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნები არიან, რადგან არ არსებობს “სახელმწიფო დევნის შიში და სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს”.

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად – კობახიძე
შემდეგი სტატიაყვარელში ყოფილმა პოლიციელმა კაცი მოკლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური