NGO-ები შოვსა და გურიაზე: ვითხოვთ ეფექტიან გამოძიებას, უწყებებმა უნდა უპასუხონ მნიშვნელოვან შეკითხვებს

0
113
default

არასამთავრობო ორგანიზაციები შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ორგანიზაციები ამბობენ, რომ სახელმწიფო უწყებებმა უნდა უპასუხონ რიგ მნიშვნელოვან შეკითხვებს, იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.

მათივე განცხადებით, წარსულში განვითარებულმა მსგავსმა და ამ კონკრეტულმა შემთხვევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი სისტემური პრობლემები სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემის არარსებობის, მოვლენების მართვისა და სათანადო რეაგირების საკითხებთან მიმართებით.

ამასთან, ორგანიზაციების შეფასებით, პრობლემურია მსგავსი ტიპის შემთხვევებზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება, რაც სავსებით ობიექტურად იწვევს დაზარალებულებისა და საზოგადოების უნდობლობას.

“გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი, რაც იმთავითვე აჩენს კითხვებს გამოძიების შედეგების მიმართ. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირებზე „თავდასხმას“ და მათი მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, კერძოდ, საქართველოს მთავრობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ონის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს პარლამენტს მოგვაწოდონ ამომწურავი პასუხები ყველა საკვანძო კითხვასთან დაკავშირებით, რათა სათანადოდ იქნეს გარემოებები შესწავლილი, გამოიკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა და სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მსხვერპლი, გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით და იგი აწარმოოს გენერალურმა პროკურატურამ, მოხდეს დაზარალებულთა უფლებამონაცვლედ ცნობა და მათ მიეცეთ უფლებების ჯეროვანი რეალიზაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ადვოკატებს მიეცეთ საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს დროულად და პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, შეწყდეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, მედია საშუალებებს კანონით დადგენილ ვადებში სრულად მიეცეთ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, შესწავლილ იქნეს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩართო სტიქიური მოვლენების მართვასთან დაკავშირებით და დაიწყოს სისტემური მუშაობა სტიქიების ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნის მიზნით”, – წერია განცხადებაში.

ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საფარი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

წინა სტატიასახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს
შემდეგი სტატიასუს-მა სერბეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ჩატარებული ტრენინგი ფარულად ჩაწერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური