იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე განათლების სამინისტროს აუდიტმა მოკვლევა დაიწყო

0
138

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონაზე თანაკლასელის მხრიდან განხორციელებულ ბულინგისა და მუქარის ფაქტზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა მოკვლევა დაიწყო.

“საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.

როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში,” – წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.

წინა სტატიაპუტინმა ხელი ახალ ბრძანებას მოაწერა – ჯარში 130 ათას ადამიანს გაიწვევენ
შემდეგი სტატიაუფრო და უფრო რუსულს ემსგავსება ეს რეჟიმი – ვაშაძე “ოცნების” დაანონსებულ ახალ კანონზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური