საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს განიხილავს

0
99

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე. პროცესში მონაწილეობას წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.”

უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა. მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება.

წინა სტატიაომის 578-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში
შემდეგი სტატიაუკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად პუტინმა შოიგუს ოქტომბრის დასაწყისამდე ვადა მისცა – ISW
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური