ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 4 პირის მიმართ დაიწყო.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 226 402 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, ხოლო ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოტანილ იქნა ნაღდი ფულის სახით”, – წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.