ფრონტს მიღმა დარჩენილი გმირები

0
120

ბებიაჩემისთვის აფხაზეთი ულამაზესი სანაპიროების, ‘’სხვანაირი ურთიერთობებისა” და ყველაზე გემრიელი ჩებურეკების მხარეა, დედაჩემისთვის ბავშვობის მოგონებებისა და მეზობლის ეზოდან მოპარული მანდარინების, ჩემთვის კი ის ყველაზე ძლიერი ქალების სამშობლოა.

აფხაზეთის ომი 13 თვეს გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 300 ათასზე მეტ ადამიანს კი საკმაოდ ხანგრძლივად მიენიჭა დევნილის სტატუსი.

ადგილობრივების თქმით ‘’ჩვენი ბიჭები” გმირულად იბრძოდნენ, მტერს საკუთარი ტყვია-წამლით უპირისპირდებოდნენ და თავიანთი აფხაზეთის დასაცავად ყველაფერს აკეთებდნენ. სად იყვნენ ამ დროს ქალები? ომში წასულ კაცებს მშვიდად, სახლებიდან ელოდებოდნენ? აფხაზეთის ომში მებრძოლ ქალებზე ინფორმაცია არსად იძებნება, თუმცა ისინი ყველგან არიან.  არიან ჩემს სახლში, არიან ქუჩაში, არიან ემიგრაციაში … ბრძოლა მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ მიმდინარეობდა და საჭიროება მხოლოდ ტერიტორიების დაცვა არ იყო, დასაცავი იყო ოჯახიც, შვილები, ბებიები … ქართველი ქალებიც კაცებთან ერთად იბრძოდნენ, თუმცა უიარაღოდ, მხოლოდ თავიანთ იმედად და არა მხოლოდ თავიანთთვის. იბრძოდნენ კინდღთან, სვანეთის უღელტეხილზე და იბრძვიან დღემდე.  მათი სახელები არავინ იცის, მათთვის მედლები არ დაურიგებიათ და კვარცხლბეკზე არ დაუყენებიათ გამბედაობისა და მამაცობისთვის. მათი ისტორიები მხოლოდ ზეპირად დარჩა და ისიც ცოტა, რადგან ფრონტს მიღმა დარჩენილ გმირებზე იშვიათად ლაპარაკობენ.

 

                                                          ქალები აფხაზეთიდან

“როცა ომი დაიწყო 30 წლის ვიყავი, სოფლის აფთიაქში ფარმაცევტად ვმუშაობდი. ოჯახიც შექმნილი მქონდა. მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად შუა სოფელში ვცხოვრობდით,ამიტომ დაბომბებვის დროს განაპირა მხარეს მცხოვრები ნათესავები ჩემთან მოვიდნენ, შუა ნაწილი ნაკლებად იბომბებოდა.  ჩემი ქმარი, ისევე როგორც სხვა კაცები ომში იბრძოდა. ბავშვებთან და მოხუც დედამთილთან ფაქტობრივად მარტო მე ვიყავი. როცა მივხვდი, მალე აგვიღებდნენ პატარა ჩანთა გავამზადე რომ გაქცევის დროს სულ ხელცარიელები არ ვყოფილიყავით. 16 სექტემბერს, გამთენიისას, დილის 6 საათზე  საგანგაშო ზარები გაისმა სოფელ ახალდაბაში. ამავე დროს ჩაირთო ლამბადას მუსიკა, ეს აფხაზების სიგნალი იყო. სიმღერა ჩაირთო მთელი ოჩამჩირის რაიონში, სადაც ქართული სოფლები იყო. 10 წუთში გვბომბავენ და ჩვენგან საპასუხო მოქმედებაც აღარ ისმის, რადგან ტყვია-წამალი გაგვითავდა. დღის პირველი საათი იქნებოდა, ჩემი მეზობელი, ცისანა ჩაკვეტაძე რომ გამოიქცა სირბილით, იზა, აიღეს, სკოლამდე არიან შემოსულებიო.

 

ქალბატონი იზა მეათე კლასში

“ზოგმა თქვა თეთრი ზეწრები გამოვკიდოთ, გაიგონ, რომ ქალები და ბავშვები ვართ და არ შეგვეხებიანო, მაგრამ მე ტამიშის აღება გამახსენდა (რომელიც რამდენიმე თვით ადრე მოხდა), სადაც არცერთი ქალი და ბავშვი არ დაუნდიათ, ამიტომ არ ვიყავი ამის მომხრე. გაქცევა მინდოდა. ზოგმა მაინც დარჩენა გადაწყვიტა, მე მოვკიდე ბავშვებს ხელი და გამოვიქეცი. „

ქალბატონი იზა შვილებთან და მეუღლესთან ერთად

“გზაში მიბრუნება გადავწყვიტე, ჩემს დედამთილს ეშინოდა წამოსვლის და იქნებ დამეთანხმებინა, მაგრამ ბავშვების წაყვანის შემეშინდა. უფროსი- ნინო 12 წლის იყო, უმცროსი-ნანა  5-ის. ხელი ჩავაკიდებინე ერთმანეთზე და ნინოს ვუთხარი, სანამ დავბრუნდები ვინმე თუ სოფლიდან გავა, აუცილებლად გაყევით, ნანა არსად დატოვო, თბილისში ჩასულებს ნათესავები დაგეხმარებიანთქო.  მათთვის ეს, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, მაგრამ მეშინოდა, მე რომ ბრმა ტყვიას მოვეკალი და დედის მომლოდინე ბავშვები ისე დარჩენილიყვნენ. როცა მოვბრუნდი აღარ დამხვდნენ, ქალებმა მითხრეს  ავერიონ აკობიძე წავიდა, კანაოსკენ წაიყვანა ბავშვები და შენი შვილებიც მას გაყვნენო, მივხვდი, რომ ნინომ ჩემი სიტყვა გაითვალისწინა. გამოვიქეცი.  უაზროდ მოვრბოდი და როგორც იქნა ბავშვები დავინახე. ნინო შესვენებულა,დაიღალა ეტყობა, პატარა კი ექაჩებოდა წამოდი ნინო, ხო გითხრა დედამ ნანა გაიყვანე აქედანო… ბავშვები მაშინ რომ არ დამენახა ისევ სოფელში მივბრუნდებოდი და ალბათ იმ ქალების  ბედ-იღბალს გავიზაირებდი ვინც ტყვედ ჩავარდა. 360 ქალი და ბავშვი ჩავარდა ტყვედ, ვერ აღვწერ მათ იქ რა გამოიარეს …. “ იზა, 59 წლის.

ნანა სამი წლის                         ნინო ხუთი წლის

ნინოს, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, დედის მიერ მოყოლილი ამბავი ახსოვს, თუმცა სხვანაირად. მის ამბავში ის იმიტომ არ გაჩერებულა, რომ პატარა იყო და დაიღალა, არამედ იმიტომ რომ დედის დაბრუნების იმედი ჰქონდა და რომ მიხვდა, დედამ სადაც დატოვა იქედან ძალიან შორს იყვნენ გზის გაგრძელება აღარ უნდოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ავერიონ აკობიძეს გაყვა მისი 5 წლის და იყო, რომელიც მას ჩააბარეს, როგორც უფროსს და დედას ვერ დააღალატებდა. თავის მხრივ ნინოც არ დააღალატა დედამ და ქალაქის ბოლოს სწორედ მაშინ მიუსწრო, როცა ნანა დას დედისთვის მიცემულ პირობას ახსენებდა.

ნინო მშობლებთან ერთად

აფხაზეთიდან დევნილებს თითქმის ერთნაირი გზის გავლა მოუწიათ, ზოგი მათგანი სვანეთის მთით გადმოვიდა, ზოგი კი კინდღიდან გამოჰყვა გემს, თუმცა ყველა მათგანმა თავისი წილი ბრძოლა გამოიარა.

უცნობი ავტორის ფოტო

“ 40 წლის ვიყავი, როცა ჩემი 21 დღის შვილი თვითმფრინავის ტრაპიდან გადმოვაგდე. სანამ აფხაზეთში უშუალოდ ომი დაიწყებოდა, პატარ-პატარა ბრძოლები მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს განსაკუთრებულად ბევრი აფეთქება მოხდა, ამიტომ ჩემმა უფროსმა შვილმა მითხრა წადი დედაჩემო და პატარაც წაიყვანეო, თვითონ იბრძოდა და არ მინდოდა დატოვება, მაგრამ ძალით გამოგვიშვეს. დასთან და შვილთან ერთად მოვდიოდი, ისინიც ბავშვებით იყვნენ. ჩემი უმცროსი მაშინ  21 დღის იყო. დრანდის აეროპორტში მივედით.”

ქალბატონი მზისო მამასთან ერთად

“თვითმფრინავი გადაჭედილი იყო, ფეხზე რამდენიმე საათის განმავლობაში ვიდექით, რადგან აეროპორტიც იბომბებოდა და საშიში იყო აფრენა. ცეცხლი ჩვენს თვითმფრინავთანაც გაჩნდა და წივილ-კივილი ატყდა. ყველანი ველოდით რომ ცოცხლად დავიწვებოდით, ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ჩვილ შვილზე განსაკუთრებით მეწვოდა გული, ვფიქრობდი როგორ გადამერჩინა. ხალხი ისედაც ბევრი იყო და პანიკურმა სიტუაციამ კიდევ უფრო რთული გახადა თვითმფრინავში გადაადგილება. კივილი დავიწყე ბავშვი გადამირჩინეთთქო, თან ხალხში მივრბოდი რომ კარამდე მივსულიყავი. ბავშვო სპეციალურად ბამბაზიის სახვევებში მყავდა, ხელიდან რომ არ გამცურებოდა. თვითმფრინავის კარი ღია იყო, თუმცა კიბე უკვე მოხსნილი ჰქონდათ და თვითმფრინავიდან ვერსად წავიდოდი. სასოწარკვეთისგან არ ვიცოდი რა მექნა, ვკიოდი დაბლა მყოფებისთვის რომ მიმეწვდინა ხმა. ერთი კაცი გამომეხმაურა და გავაფრთხილე ბავშვს ჩამოგიგგდებ და გადამირჩინე, არავის გაატანო, სამშვიდობოს გაიყვანეთქო. ეს კადრები ბუნდოვად მახსოვს, არ ვიცი როგორ გავრისკე ბავშვის ჩაგდება, მაგრამ მართლაც დაიჭირა იმ კაცმა. გულდამშვიდებული თვითმფრინავში შევბრუნდი სადაც ჩემი გოგო და შვილიშვილები იყვნენ. ვიცოდი დავიწვებოდი, მაგრამ პატარა რომ გადარჩებოდა ეს მამშვიდებდა. თვითმფრინავთან გაჩენილმა ცეცხლმა ქრობა რომ დაიწყო ყველას იმედი მიეცა, გაუხარდათ, მე კი დავპანიკდი. მე გადავრჩები, მაგრამ შვილი აღარ მყავსთქო. მისი ბოთლებითა და ტანსაცმლით სავსე კალათას ვიყავი ჩაბღაუჭებული და როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოგვიყვანეს ხალხში სირბილი დავიწყე, ჩემი შვილი ხომ არ გინახავთთქო. ვნანობდი, როგორ გადავაგდემეთქი, ან რაღატომ გადავრჩითქო, მაგრამ ჩემმდა დამ მითხრა, ბავშვი ვიპოვე, ვიცი სადაც არის, მაგრამ არ მატანენო. მართლაც, იმ კაცს ყოლია მიხუტებული და რადგან ჩემს დას არ იცნობდა არ გაატანა.”

.                          

პატარა ფიქრია დეიდაშვილთან ერთად.                ქალბატონი მზისო მეგობრებთან ერთად

“ამ დღეს კი გავედით სამშვიდობოს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თითქოს ისტორია განმეორდა. აფხაზეთში ვიყავით, როცა ნამდვილი ომი დაიწყო. ნაცნობი ქალები ბავშვებთან ერთად ერთ სახლში ვიყავით შეკრებილები. რამდენიმემ თქვა სარდაფში დავიმალოთო, მაგრამ უმეტესობას შვილების გაყვანა გვინდოდა უსაფრთხო ადგილას. თეთრი ნაჭრები დავიჭირეთ და წავედით. შემთხვევით რაღაც თხრილს მივაგენით, გერმანელებს გაუკეთებიათ ომის დროს, იქ ხტებოდა ხალხი, რადგან მილივით გზა მეორე მხარეს გადიოდა და შედარებით უსაფრთხო იყო. ფიქრია-ჩემი უმცროსი შვილი უკვე ერთი წლის იყო ამ დროს. იღლიაში ამოვიჩარე, თვალებზე ხელი ავაფარე და მეც გადავხტი. დაბლა მაყვლის ბუჩქები იყო, ეკლებით სავსე და ერთ-ერთ ასეთ ბუჩქზე გამომედი ფეხი, ვეღარც წინ მივდიოდი, ვერც უკან. ჩემთვის არავის ეცალა, ყველა თავის გადასარჩენად მირბოდა. მეშინოდა ბავშვი არ გამვარდნოდა, ვიხვეწებოდი თუ ვერ მხსნით, ეს ფეხი მაინც მომაჭერით, რომელიც გამოდებულიათქო. საბოლოოდ ვიღაც ქალი დამეხმარა და როგორღაც ჩამომხსნა ამ ბუჩქიდან. თბილი ღამე იყო და ამიტყომ მოკლე სარაფანა მეცვა, ფეხები და ხელები ნაკაწრებისგან სულ სისხლიანი მქონდა, მაგრამ მაინც გავრბოდი. მშიერმა დილამდე ფეხით ვიარე. ვიღაცებს პური ჰქონდათ წამოღებული, კი მიყოფდნენ, მაგრამ მე როგორ შევჭამდი, ბავშვს ვუზოგავდი რადგან არ ვიცოდი რამდენი ხანი მოგვიწევდა სიარული…” მზისო, 71 წლის.

ქალბატონი მზისო შვილთან, ინგასთან ერთად

ქალბატონი ინგა მეუღლესთან და დეიდასთან ერთად

” ომი რომ დაიწყო მეც და ჩემი ქმარიც 22 წლისები ვიყავით, უკვე ორი შვილი გვყავდა 4 წლის ლადო და 2 წლის ლაშა. ჩემი ქმარი სხვა ბიჭებთან ერთად ბრძოლაში წავიდა, ბავშვებთან მარტო დავრჩი, ვიცოდი რომ ისინი უნდა დამეცვა. დედა და დეიდებიც იქვე იყვნენ, მაგრამ ყველა პატარა ბავშვებით ვიყავით და მათ გადარჩენაზე ვფიქრობდით ყველაზე მეტად. კაცები კი იბრძოდნენ ბოლომდე, მაგრამ ნაკლები არც ჩვენ გამოგვივლია. სამშვიდობოს რომ გავსულიყავით ეკლებით სავსე მილებით მოგვიწია სიარული, ვფიქრობ ხოლმე როგორ გავეტიეთ იქ, ან საიდან მქონდა ორი ბავშვის ტარების ძალა. ჩემმა შვილებმა სიარული კი იცოდნენ, მაგრამ ეტყობა ეშინოდათ და ორივეს ჩემთან უნდოდა. ტანზე ზეწარი კენგურუსავით მქონდა შემოხვეული, ერთი ბავშვი წინ მეჯდა, მეორე კი უკან. ასე მივდიოდი მთელი გზა, რომ როგორმე სამშვიდობოს გავსულიყავი და ჩემი შვილები იმ უბედურებისგან დამეცვა, რაც ტყვედ ჩავარდნილებმა თავიანთ თავზე გამოსცადეს’. ინგა, 51 წლის.

 

ლადო სამი წლის

ყოველ ადამიანს თავისი ისტორია აქვს, ყოველ მებრძოლს ბრძოლის საკუთარი მიზეზი. ყველა გმირს გმირის სტატუსი არ აქვს, ყველა მეომარს კი საომარი იარაღი.

ზემოთ მოყოლილი ისტორიები არასრულია, მხოლოდ ერთი ოჯახის ქალებისა და მხოლოდ პატარა ფრაგმენტებით შეკრული. ფრონტს მიღმა კიდევ მრავალი ქალი იბრძოდა, იბრძოდა ჩუმად, თავისთვის, ოჯახებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის. მათი ისტორიები, ისევე როგორც მათი სახელები, ფრონტს და აღიარების მიღმა დარჩა, თუმცა ისინი არიან ყველგან, არიან ჩემს სახლში, არიან ქუჩაში, არიან თქვენში.

 

ავტორი: მარიამ კვარაცხელია

წინა სტატიაბაზისბანკის მხარდაჭერით ამბროლაურში ვენახები გაშენდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში შიშობენ, რომ მარსიდან უცხოპლანეტელებს ჩამოასახლებენ – გამოკითხვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური