ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე, ერთ-ერთი კომპანიის 3 ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეყვანათ საქართველოში. ნაცვლად აღნიშნულისა, ბრალდებულების მიერ მიღებული თანხები გაფლანგული და არამიზნობრივად იქნა გახარჯული.
ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 740 000 ლარის ღირებულების ქონება, რათა დაზარალებულებს არ ჰქონოდათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა,” – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 205-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.