“საქართველოს მთავრობა ვერ ამართლებს მოლოდინს” – კანდიდატის სტატუსის განხილვა სტოკჰოლმში

0
222

სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. მთავარი თემა ასოცირების ტრიოს – უკრაინის, მოლოდოვასა და საქართველოს განაცხადის განხილვაა ევროკავშირის წევრობაზე.

მინისტრებმა წინმსწრები განცხადებები გააკეთეს, სადაც კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ცალკეულ საკითხებზე პროგრესი არ აქვს და კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების კუთხით კვლავაც რჩება მოუგვარებელი პრობლემები.

“საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, ეს აშკარაა. უამრავ ქართველს შევხვდი, რომლებსაც ძალიან სურთ იყვნენ ევროკავშირში. მაგრამ სამწუხაროდ რაც კომისიისგან მოვისმინეთ არის ის, რომ მთავრობა ვერ ამართლებს მოლოდინს. რეფორმების ტემპი ისეთი არ არის როგორიც უნდა იყოს. აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ მთავრობისგან ამ რეფორმების პრიორიტეტების შესრულებას, არამხოლოდ იმისთვის რომ ევროკავშირში ჩამოვიდნენ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ამით გახდება უფრო თავისუფალი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა. კომისიისგან მოვისმენთ უფრო მეტ დეტალს, მაგრამ რაც უკვე ვიცით ბევრი პრობლემაა კანონის უზენაესობის, სასამართლოს რეფორმების კუთხით. იყო განხილვა იმის შესახებაც როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას. გერმანიის პოზიცია ნათელია, ჩვენ გვსურს საქართველო ვნახოთ ევროკავშირში და ნამდვილად ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, ვისაც სურს ამ გზაზე იაროს.” ამბობს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლურჰმანი

როგორც კი კრიტერიუმები შესრულდება შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ – ამბობს სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი. მისი თქმით, ევრორეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია:

“მხარს ვუჭერთ საქართველოს, რათა ქვეყანამ შეასრულოს კრიტერიუმები. 12-დან 3 არის შესრულებული, ასე რომ ჯერ კიდევ არის წინ საქმე. როგორც კი კრიტერიუმები შესრულდება შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ.” თქვა პიტერ მისლიკიმ.

დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელი მინისტრები შუალედურ და ზეპირ მოხსენებას წარადგენენ, საბოლოო შეფასება კი შეასრულა თუ არა რეკომენდაციები საქართველომ და მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი.

წინა სტატიადაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ – ზელენსკი
შემდეგი სტატიარაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური