საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არსებობს: გვარამია ციხეში რჩება – ამ სათაურით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სტატიას აქვეყნებს გამოცემა EUROPEAN INTEREST.
სტატიაში ნათქვამია, რომ ის, თუ როგორ განიხილა საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმე, ადასტურებს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების მაღალ პოლიტიზებას.
სტატიის ავტორის შეფასებით, სასამართლომ ამჯობინა ხელისუფლებას ასიამოვნოს, ვიდრე მართლმსაჯულებას ემსახურებოდეს.
“ნიკა გვარამიაზე თავდასხმა და დაპატიმრება ცხადყოფს, თუ როგორ ურთიერთქმედებს სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა და მედიის თავისუფლებაზე შეტევა პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში”, – წერია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ ევროკავშირმა გააფრთხილა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით მისმა ქმედებებმა შესაძლოა საქართველო EU-ს ურთიერთობა გაეფუჭებინა. ავტორი ღარიბაშვილს პუტინის მომხრე პოლიტიკოსად აფასებს.
“ღარიბაშვილის ხელისუფლებამ არც ერთი ეს პრიორიტეტი [12 პრიორიტეტი] არ შეასრულა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იზოლირებული იყოს თავისი ბუნებრივი პარტნიორებისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან და რუსეთის კონტროლის ქვეშ წარმართოს”, – წერია სტატიაში.