“დაიყეს უკვე “ოცნების თამაში”, “ორპოლუსიანობა ბიძინას აწყობს” და ა.შ. სწორედ ესაა ოლიგარქის ნარატივი. მერე ვინ გიშლით ხელს – შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი. მე პრაქტიკულად ხელფეხშეკრული ვარ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში მისი აქტიურად ჩართვის შესახებ უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები როგორც მმართველი პარტიის მხრიდან, ასევე, ოპოზიციურ ფლანგზე და პოლიტიკური მიმომხილველებისგან.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, ამ ეტაპზე დიდ ერთობას ალტერნატივა არა აქვს:
“საბოლოო ჯამში ყველა გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ და დიდ ერთობას ალტერნატივა არა აქვს. ჯერ გავერთიანდეთ თემატურად მაგალითად კინოცენტრის თემაზე, სამედიცინო რეგულაციების თემაზე, მიგრაციის საკითხებზე.
ვისწავლოთ ერთად შედეგის მიღწევა. არავის არ უნდა დაველოდოთ, მითუმეტეს ოლიგარქის შემოგდებულ ყალბ თემებს. არსებობს რეალური გამოწვევები და ყველამ სათითაოდ უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის ძალის და როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გირჩის, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები კონკრეტულ საკითხზე ერთად დასხდებიან და გადაწყვეტენ მას, მერე და მერე უფრო გაადვილდება ერთობის შექმნა არა ილუზიური საარჩევნო სიების, არამედ საქართველოს გადარჩენის გარშემო.
რაც შეეხება ჩემს მეტ ჩართულობას, ეს პირველ რიგში პუტინისთვის და ივანიშვილისთვისაა ცუდი ამბავი, რადგან მე ვერ გამტეხეს (ნუ ჯანმრთელობას სამწუხაროდ არ ვგულისხმობ).
ერთხელ უკვე გადავდე სიცოცხლე საქართველოსთვის, როცა არ დავტოვე თბილისი 2008-ში, მეორეჯერ 2021-ში და ეს სიცოცხლე ახლა ეკუთვნის ამ ჩვენს საერთო, ქართულ-უკრაინულ ბრძოლას”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მაგალითად, პოლიტილოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არა მომავალი, არამედ წარსულია და “რაც უფრო მალე შეიგნებს ამასდ, უკეთესი იქნება”, ხოლო არჩევნების დროს ორპოლუსიანობა, მისი თქმით, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.