უკრაინის არმიის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ სექტორში, ოკუპანტთა პირველი თავდაცვითი ხაზის რღვევა წარმატებით მიმდინარეობს.
ბოლო 12 საათის განმავლობაში, ძირითადად, საღამოს საათებში, ამ დრომდე, უკრაინელმა მებრძოლებმა, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებები ზაპოროჟიისა და დონეცკის ოლქებში:
ნესკუჩნოე,
ბლაგოდატნოე,
მაკაროვკა,
სტოროჟოვოე,
უროჟანნოე,
ლევადნოე,
ლუბკოვე,
პიატიხატკი,
ჟერებიანკი,
ლუგოვე.
გათავისუფლების ზღვარზეა დასახლებები:
ნოვოდაროვკა,
რივნოპოლი.
ამასთან, წარმატებული წინსვლა შეინიშნება ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებებზე, სადაც უკრაინელებმა უკანდახევა აიძულეს ოკუპანტებს და მათი პოზიციები დაიკავეს.
ბახმუტთან, ყოველ მოპოვებულ 48 სმ-ზე მოკლული ან დაჭრილია ერთი რუსი სამხედრო – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო “ტვიტერზე”. “უკრაინა აგრძელებს ბრძოლას” – წერია ტვიტზე.
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქის საზღვარზე არსებულ მდინარე მოკრიე იალისთან არსებული კაშხალი ააფეთქეს. ფიქსირდება წყალდიდობა მდინარის ორივე მხარეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელებმა დონეცკის ოლქში დასახლება მაკაროვკა გაათავისუფლეს-მოკრიე იალის კაშხალი ამ დასახლებიდან 22 კმ-ში მდებარეობს.
“ტავრიის” მიმართულების სარდლობა კი იტყობინება, რომ ამ მიმართულებაზე, დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა მტრის სამხედრო ტექნიკის 68 ერთეული გამოიყვანეს მწყობრიდან ან გაანადგურეს.