მოვუწოდებ შსს-ს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა – ომბუდსმენი გრიგორიადისზე

0
235

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. განცხადების მიხედვით, მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

“განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე.

ამავდროულად, 1 ივნისს, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით”, – წერია განცხადებაში.

ბექა გრიგორიადისი 1 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა.

წინა სტატია“ნაციონალური მოძრაობა” შაბათს, 14:00 საათზე, კლინიკა “ვივამედთან” აქციას გამართავს
შემდეგი სტატიარუსებმა უკრაინაში 210 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს – უკრაინის გენშტაბი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური