ვიქნები თითოეული ქალის გვერდით, რომელიც რამიშვილის სახით ბინძურს სისტემას უპირისპირდება – წითლიძე

0
138

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ არაერთი ქალის სამართლიანი ბრძოლა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საჯაროდ მტკიცებულებებით სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. წითლიძე ამბობს, რომ ამ სამართლიან ბრძოლაში თითოეული ქალის გვერდით იქნება, ვინც რამიშვილის სახით ბინძურ სისტემას უპირისპირდება.

წითლიძემ ბრიფინგზე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თქვა, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ უწყებას რეაგირება ჰქონოდა და მოკვლევა დაეწყო. მისივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დუმილი არასწორია.

“ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც დუმს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „რუსული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტის დაცვას ცდილობს ყველა ხერხით.

სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. სისტემა, რომელიც ცდილობს ქალების სამართლიან ბრძოლას „ქართული ოცნების“ ბინძური პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, დაუპირისპიროს ტერორი, შავი პროპაგანდა და სისტემა ცდილობს, რომ იყოს მოძალადის მხარეს, ამ ფონზე, მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს. რბილად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველის ასეთი დუმილი არის ძალიან არასწორი და სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავისი სიჩუმით იდგება არა მოძალადე რამიშვილის მხარეს, არამედ იმ ქალების მხარეს, რომლებიც განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას, შალვა რამიშვილის მხრიდან”, – თქვა წითლიძემ.

ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ “პოსტივი” იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში “ჟურნალისტმა” ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, “პოსტივისთან” ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია “იმედში” ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

წინა სტატიაშალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ამხელს
შემდეგი სტატიასამხარაძე პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური