მთავარიUncategorizedსურვილისა და მომართვის შემთხვევაში, შევისწავლით სექსუალური შევიწროების საქმეებს - იოსელიანი

სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, შევისწავლით სექსუალური შევიწროების საქმეებს – იოსელიანი

Published on

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწორებაში მხილებასა და თანმდევ მოვლენებს დღეს, 27 მარტს ეხმაურება. პირველი ასეთი შემთხვევა საზოგადოებისთვის 6 დღის წინ გახდა ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ იოსელიანი მზადყოფნას გამოთქვამს სურვილისა მომართვის შემთხვევაში “ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები”.

“გარდა ამისა, სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს – მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.

ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედია გაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...