პარტია “დროა” ყველა ქალს, რომლებმაც ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება გაბედეს სოლიდარობას უცხადებს

0
187

პარტია “დროა” თათია სამხარაძესა და ყველა ქალს, რომლებმაც ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება გაბედეს სოლიდარობას უცხადებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში “ოცნების” მთავარი პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის დაცვის მიზნით, სამხარაძის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მედიები, ე.წ. ექსპერტები, ტროლები და სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდნენ.

“საქართველოში ქალებს, რომლებიც ბედავენ მოძალადეების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, ხშირად უპირისპირდება სახელისუფლებო სისტემა. სისტემა, რომელიც ამ ქალების წინააღმდეგ მის ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებს – უქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონოდ მოპოვებულ კადრებს, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გასავრცელებლად ამუშავებს პროპაგანდისტულ მანქანას.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის დაცვის მიზნით, თათია სამხარაძის წინააღმდეგ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების გარდა, „ქართული ოცნების“ ე.წ. ექსპერტები, მხარდამჭერები, ტროლები და, რაც მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდნენ.

ის, რომ შალვა რამიშვილი გამამტყუნებელი განაჩენისა და სექსუალური შევიწროების ათობით ისტორიის შემდეგ, ტელევიზიის ეთერში ზის, ზურგს „სუსი“ უმაგრებს და აქვს ბერკეტები უსამართლო ბრძოლაში ზიანი მიაყენოს ამ ქალებს, ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას გვავალდებულებს, დავდგეთ ამ ქალების გვერდით. არცერთ მოძალადეს არ უნდა ეგონოს, რომ რომელიმე ქალს მარტო დავტოვებთ.

პარტია „დროას“ სოლიდარობა თათია სამხარაძეს და ყველა ქალს, რომელმაც გაბედა ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება! – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ “პოსტივი” იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში “ჟურნალისტმა” ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, “პოსტივისთან” ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია “იმედში” ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

წინა სტატიაოკუპანტებმა სლოვიანსკი დაბომბეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ამხელს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური