სროლა და მსხვერპლი საგარეჯოში: ხუთი მოკლულიდან ერთი პოლიციელია (მასალა ახლდება)

0
404

საგარეჯოში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიარაღებულმა პირმა, დაუდგენელი მიზეზით, ჯერ მეზობლებს, შემდეგ კი გამოძახებაზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაიღუპა. 

ოთხივე მოკლული იმ პირის მეზობელია, ვინც გასროლა განახორციელა. ამ დროისთვის არა არის ცნობილი, რა მოტივი ჰქონდა შეიარაღებულ თავდამსხმელს. ცნობილია, რომ მასთან ერთად მისი შვილიც იმყოფებოდა, ხოლო ის მეზობლები, რომლებსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა, ეზოში იყვნენ და თავდამსხმელთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. თავდამსხმელი მესამე სართულის აივნიდან ისროდა, სადაც თავად ცხოვრობდა.

მას შემდეგ რაც ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმი მივიდა, ხოლო სამართალდამცველებმა შენობა ალყაში მოაქციეს და თავდამსხმელის ბინაში შევიდნენ, შეიარაღებულმა პირმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა – ის ადგილზე დაიღუპა.

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყეს ღონისძიება. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მან დამატებით რამდენიმე გასროლა მოახდინა.

როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარები შეაღო, გასროლის ხმა იყო. საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები – რამდენიმე რგოლი. შეიძლება ეს ყოფილიყო დანაღმული. შემდეგ მოვიდნენ გამნაღმველები”, – აცხადებს შს მინისტრი. 

ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, ხოლო მისი ფოტო “სინიუსმა” გაავრცელა. ის ნოდარ ათუაშვილია, ყოფილი სამხედრო, რომელიც 2016 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, ავღანეთში. რატომ დატოვა მან შეიარაღებული ძალები, ამ დრომდე არ არის ცნობილი. როგორც თვითმხილველები და მეზობლები ამბობენ, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. 

შს მინისტრი აცხადებს, ჯერჯერობით ვერავინ ხსნის, რა მოხდა:

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა”, – განაცხადა შს მინისტრმა.

რას ამბობენ თვითმხილველები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს და როგორია დაჭრილი 5 პირის მდგომარეობა:

“არაფერს არ ითხოვდა. პროსტა გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო… და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი.

გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა… იქ იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მემგონი იოლის მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელი მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა. ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი “მთავარ არხთან”.

“მეძინა, იარაღის სროლამ გამაღვიძა და ბავშვებს შევხედე ეგრევე ოთახში. 5-წუთიანი ინტერვალები იყო, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვერ მივდიოდი, ხოხვით მივედი [აივანთან] რომ მკვდრები დავინახე ეს ბიჭები. ორივე მხრიდან [ისროდა] ხან ერთ ბალკონზე გამოდიდოა, გამოვიქცეოდი ბავშვებით, დაწოლილი მოვხოხავდით”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

“ექვსი ავადმყოფი იქნა ცეცხლსასროლი ჭრილობით შემოყვანილი კლინიკაში, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, 4-ს გაეწია ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურადაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უგრძელდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის”, – ამბობს ექიმი. 

წინა სტატიაუკრაინელებს სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას – შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება
შემდეგი სტატიარა უნდა ვიცოდეთ ომის 331-ე დილას – სად რა ხდება უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური