ექვს თვიანი ბრძოლის შედეგად უკრაინის ქალაქის, ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს დონეცკის რეგიონის გუბერნატორზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით.
კირილენკოს თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ ბახმუტზე საარტილერიო შეტევას, რის შედეგადაც, 4 იანვრის ღამეს, ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა ეცადონ ქალაქში შემოსვლას, ისინი წინ წაწევას მაინც ვერ ახერხებენ. თუ რაიმე წარმატება ჰქონდათ, ბოლოს მაინც თავიანთ ყოფილ პოზიციებზე გავყარეთ, ქალაქის გარეთ.
ახლა ისინი ღია, ბრტყელ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რაც ხელს უწყობს მათი პერსონალის დანაკარგების ზრდას”, – განაცხადა პაველ კირილენკომ.
მისივე თქმით, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რუსები ვერანაირი წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ.