კიევის მოსახლეობას საკვების, სასმლისა და სურსათის მარაგების შექმნისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN ავრცელებს კიევის ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით.
ქალაქის ადმინისტრაცია უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ ელექტროენერგიის უფრო ხანგრძლივი გათიშვისთვის მოემზადონ.
“გააკეთეთ სასმელი წყლის მარაგი და გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს სახლებთან არსებული წყლის სატუმბი ოთახების შესახებ. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, წყლის სატუმბი ოთახებს მივამაგრებთ გენერატორებს, რათა კიევის მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოთ სასმელი წყლით. ასევე მოიმარაგეთ ისეთი საკვები პროდუქტი, რომლებსაც სპეციალური შენახვის პირობები არ სჭირდება. მათ შორის, პური, ორცხობილები, დაკონსერვებული საკვები და ა.შ” – წერია განცხადებაში.
რეკომენდაციაში ასევე წერია, რომ მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს საკვების დიდი პორციებით მომზადებისგან და მხოლოდ მცირე რაოდენობა უნდა მოამზადოს, რომელთა შენახვაც დიდი ხნის განმავლობაში არ დასჭირდებათ.
ცნობისთვის, რუსული მხარე უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ომის დაწყებიდანვე ბომბავს.
რამდენიმე დღის წინ, 15 ნოემბერს კი რუსულმა მხარემ უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც მათ 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.
როგორც გუშინ, 17 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, სარაკეტო თავდასხმების შედეგად 10 მილიონზე მეტი უკრაინელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.