პოლონეთის ელჩმა ნატო-ში თქვა, რომ მათ სასაზღვრო სოფელში რაკეტის ჩამოვარდნაზე “საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”. CNN-თან საუბრისას ელჩმა ტომაშ შატკოვსკიმ აღნიშნა, რომ ინციდენტი არ მოხდებოდა, რუსეთი უკრაინას თავს რომ არ დასხმოდა და არ ჩართულიყო ომის დანაშაულებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით.
“საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”, – თქვა სატკოვსკიმ.
მოგვიანებით, ოთხშაბათს, რუსეთის ელჩმა გაერო-ში, ვასილი ნებენზიამ უარყო განცხადებები.
“ჩვენ დიდი ხანია აღარ გვიკვირს თქვენი მცდელობები, ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტისა თუ საღი აზრის მიუხედავად, დაადანაშაულოთ რუსეთი ყველაფერში”, – თქვა ნებენზიამ ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ მაღალი ალბათობით პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მხრიდან თავდაცვისთვის იყო გამოყენებული და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად.