გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ფავორიტი კანდიდატები წარადგინეს.
ისინი მხარს უჭერენ ლიკა საჯაიას, ანა აბაშიძეს, დიმიტრი ხაჩიძეს, სულხან სალაძეს და გიორგი ბურჯანაძეს.
პროფესიული ცოდნა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი – ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც მესამე სექტორში თვლიან, რომ მათი მხარდაჭერილი კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხვედრას იმსახურებენ.
სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმის გარეშე სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვერ იქნება, ამიტომ კოალიციაში, რომელიც 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს თვლიან, რომ საბჭოში საჭიროა საკუთარი საქმის პროფესიონალები იყვნენ.
,დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი თვლის, რომ წარდგენილი 5 კანდიდატი მართლმსაჯულებაში არსებულ კლანურ და ჩაკეტილ პროცესებს გამჭვირვალეს გახდის.
„ეს ადამიანები მართლმსაჯულებაში არსებულ კლანურ და ჩაკეტილ პროცესს გარკვეულწილად გააჯანსაღებენ. მინიმუმ, მათი არსებობა და მათი ამ პროცესში მონაწილეობა გამჭვირვალეს გახდის იმ პროცესებს, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის არის დახურული. „ოცნებას“ და ოპოზიციას აქვს ვალდებულება, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატები განიხილონ და მხარი დაუჭირონ მათ, თუ უნდათ, რომ მართლმსაჯულების სიტემაში პრიოცესები მეტნაკლებად გამჭვირვალედ წარიმართოს“. – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.