ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოცხადდა

0
197

პროკურატურის განცხადებით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირთან ერთადაა ბრალდებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად – მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

“ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 7 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა.

მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა”, – წერია განცხადებაში.

ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდების წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, კერძოდ მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით.

ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს.

ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრალდებულის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე დაიწყო.

წინა სტატიარუსეთმა ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგა, ჯამში 77 950
შემდეგი სტატიადაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” – პარტიის წევრების ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური