“აქ სხვა პროცესებია, შიგნიდან, უჯრედისის დონეზე ხდება რაღაც…” – შალვა ხაჭაპურიძის სკანდალური ანალიზი

0
341

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მოულოდნელად დამძიმდა და ამის მიზეზი შიმშილობა არ ყოფილა. მისი თქმით, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა უარესობისკენ მას შემდეგ, რაც 2 აპრილს მესამე პრეზიდენტი არ გაუშვეს მის მოსანახულებლად მისულ ვახტანგ კიკაბიძესთან. 

“…დააყოვნეს 1 საათი, არ გაუშვეს სააკაშვილი კიკაბიძის სანახავად – სააკაშვილი ადგა, ორივე ხელებით, ფეხებით აბრაგუნა ამ კარებზე იმდენად აბრაგუნა, რომ ხელები გაუსისხლიანდა, ფეხები გაუსისხლიანდა, ანგრევს ამ კარებს და ძლივს აჩერებენ იმნაირი ამბავია. ბოლო-ბოლო გამოიყვანა ციხის ადმინისტრაციამ, შეუშვეს კიკაბიძესთან, დაბრუნდა, მერე ამაზე გამოუწერეს ადმინისტრაციული აქტი და ა.შ. ეს ხდება 2 აპრილს. გადის დაახლოებით ერთი კვირა, ღამის დაახლოებით პირველი საათია, ციხის უფროსი იღებს ყურმილს და რეკავს და ეს ჩანაწერი არის გამქრალი, რეკავს სასჯელაღსრულებაში და იწყება განგაში – რაღაც მოხდა აქ, ცუდად არის სააკაშვილი, მძიმე მდგომარეობაა, ჩანაწერი არ არსებობს, ამის მერე გადმოჰყავთ, არადა მანამდე იხვეწებოდა გადამიყვანეთ ვივამედშიო და არ გადაჰყავთ. შემოჰყავთ ვივამედში. კიკაბიძის ეპიზოდიდან მეორე თუ მესამე დღიდან სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, მძიმდება და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა დასვეს ასეთი რთული დიაგნოზი”, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში. 

“ამერიკელებმა გამოაგზავნეს თავიანთი დიაგნოზები, არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, მათ შორის, ყველაზე მძიმეა დემენცია. 14 დიაგნოზია, დღეს დაემატა ტუბერკულოზის დიაგნოზი. იბადება მარტივი კითხვა, ამდენი დაავადება სჭირს ამ ადამიანს, ყველას გვახსოვს როგორი შევიდა იქ, არაყს სვამდა, ხინკალს ჭამდა, შევიდა თავისი ფეხით. კაცი ვეღარ დადის, ვეღარ გადაადგილდება, თუ სიმულიანტობს – მივმართე სასამართლოს მომეცით ვიდეომასალა-მეთქი და დღეს მომივიდა პასუხი – უარი გეთქვათ, არ გაძლევთო – ბიჭო, მომეცი, მე მინდა ვაჩვენო საზოგადოებას, მოვისმინე, ამბობდნენ, ერთი ვაჩვენოთ საზოგადოებასო და ვაჩვენოთ…”, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ ამ შეკითხვას – რატომ გახდა ასე მძიმედ ავად მოკლე ხანში მიხეილ სააკაშვილი, პასუხი გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ, რომელსაც გადაეგზავნება მესამე პრეზიდენტისთვის ჩატარებული ყველა კვლევისა თუ ანალიზის შედეგები:

“ამ ამერიკელების დასკვნა რომ ჩამოვიდა და თქვეს ეს დიაგნოზია, ეს დიაგნოზია, ეს დიაგნოზია, კითხვა რომ დავუსვი, რატომ ბატონო, საიდან აქვს ეს დიაგნოზები, მაგას ჩვენ ვერ ვამბობთო, მაგრამო, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციასო, ეს ყველაფერი გაიგზავნოსო, არის ასეთი მეცნიერი, ჩათვალეთ რომ ტოქსიკოლოგიაში არის შოთა რუსთაველი. გადაეგზავნა ყველაფერი ამ კაცს, იმისთვის რომ დადგინდეს ეს დიაგნოზები საიდანაა გამოწვეული, საიდან განვითარდა ასე მოკლე დროში, 6 თვეში ადამიანი ასე როგორ უნდა დაგნრეულიყო? მან მოითხოვა სააკაშვილის სისტემაში შეყვანიდან დღემდე რა ანალიზებიც გაკეთებია და რა პასუხებიც მოსვლია, ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევები და დაადგენს.  ვეკითხები ტოქსიკოლოგს – რამ გამოიწვია ამ კაცის ესეთი მდგომარეობა. მე ვიცი რა დიაგნოზები აქვს, მე მაინტერესებს ასეთი მძიმე დიაგნოზები რამ გამოიწვია. ეს რომ იყოს ღვიძლის დაბეჟილობა, თავის გატეხვა – გასაგები იქნებოდა, ესე იგი ცემა ვიღაცამ, მაგრამ აქ ლაპარაკია ისეთ დიაგნოზებზე, რომლებიც შიგნიდან ვითარდება, უჯრედისის დონეზე ხდება რაღაც. 38 სიცხე რომ ყოველ დღე აქვს…”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. 

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამერიკელ ექიმებს სიტყვა “მოწამვლა” არ უხსენებიათ:

“სიტყვა “მოწამვლა” არ ხსენებულა და პოლიტიკურადაც ვიტყვი – თუ ვინმეს არ უნდა მიშას გარდაცვალება და მიშას რამე ცუდი მოუვიდეს, ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, არავის არ აწყობს საააკაშვილს რამე დაემართოს, იმ სისტემაში, რომელსაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება…”, – აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, 14 სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, დემენცია და ტუბერკულოზიც დაუდგინდა. 

წინა სტატიაუკრაინელებმა ხერსონთან ახლოს, სნიგირევკასთან, რუსული თავდაცვის ზღუდეები გაარღვიეს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან უნდათ დაეხმარონ ჩემ შვილს ამ მძიმე დღეებში – ალასანია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური