სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა მსურვლემა, გიორგი ცობეხია კანდიდატურა მოხსნა. პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ წარმოდგენილი პირებიდან მისი ფავორიტი სოფო დემეტრაშვილია.
გიორგი ცობეხიამ თქვა, რომ “ოცნებას” სახალხო დამცველად სურთ ადამიანი, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შეხედულებებისგან, ხოლო თავად სახალხო დამცველის თანამდებობას არც ასეთ აპოლიტიკურად მიიჩნევს.
“მე მიმაჩნია, რომ დღეს, მაგალითად “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კრიტიკული დამოკიდებულებები, რომელიც ჩემს მიმართ იყო გაჟღერებული, არ არის ის მოცემულობა, რომლითაც სახელმწიფო შეიძლება განვავითაროთ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ბატონებო, თქვენ კრიტიკის მიღება უნდა შეძლოთ და ამაზე სწორი რეაგირება. […] მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემ კანდიდატურას მინიმუმ ხელისუფლების მხარდაჭერა ბუნებრივად არ მოჰყვება, სწორედ ამიტომ, მე ვაკეთებ განცხადებას, რომ მე ვხსნი კანდიდატურას”, – თქვა მან.
“ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა კანდიდატი გააკრიტიკა წარსულში პოლიტიკური საქმიანობის გამო, რასაც მან უპასუხა, რომ “სტატეგია აღმაშენებლის” ბლოკის წევრი იყო, თუმცა ამჟამად არცერთი პარტიის წევრი არაა.
ასევე, ალუდა ღუდუშაურთან კამათი მოჰყვა მის დამოკიდებულებას სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და ობიექტურობასთან დაკავშირებით. ღუდუშაურმა მას მოსთხოვა კონკრეტული მტკიცებულება, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სასამართლოში წნეხია – “სისხლის სამართლის წარმოებაში თქვენ ბრძანეთ, რომ მეო არ ვიღებ მონაწილეობასო, შესაბამისად, თუ არ იღებთ, იქ რა იცით აბა რა ხდება?” კანდიდატმა დაასახელა, რომ 20 ივნისის საქმეზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შემთხვევაში სასამართლო ცალსახად მიკერძოებული იყო.
პროცედურულად, კენჭს ამ კანდიდატს მაინც უყრიან.