საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ქვეყანა ემზადება გააგრძელოს ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ზამთრის თვეებში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ზამთრის იმედი აქვს და უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
“ზამთარი მოდის. პუტინი ელოდება “გენერალ ზამთარს”, რომ მოვა და დაეხმარება რუსეთის ჯარს. უკრაინას, უკრაინელ ხალხს ახლა ყველაზე მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს მორალური მოვალეობა, მხარი დავუჭიროთ მათ”, – განაცხადა ბორელმა ჟურნალისტებთან საუბარში გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იმის გამო, რომ მისმა ძალებმა ბრძოლის ველზე წარუმატებლობა განიცადეს.
“პუტინის რუსეთი ანადგურებს უკრაინას. მათ არ შეუძლიათ მისი ოკუპაცია, ვერ გაიმარჯვებენ ბრძოლის ველზე, ვერ მოიგებენ ომს – და ისინი სისტემატურად ანგრევენ ქვეყანას”, – განუცხადა დიპლომატმა ჟურნალისტებს.