არ ვაპირებ მივიდე გასაუბრებაზე პარლამენტში, სადაც ერთგვარი შოუ იდგმება – ნაზი ჯანეზაშვილი

0
187

სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს. მისი თქმით, გასაუბრებაზე ერთგვარი შოუ და სპექტაკლები იდგემება.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კანდიდატურას არ მოხსნის. მისი თქმით, კანონით და პროცედურებით, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა.

“პირდაპირ ვამბობ, რომ მე არ ვაპირებ რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად არ ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად, პრინციპულ, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ ასეთი კანდიდატურა, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და დააკმაყოფილებს ყველ იმ პირობას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყანას ჰყავდეს ღირსეული სახალხო დამცველი”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, გასაუბრებაზე კანდიდატებისთვის ახსნა-განმარტებების მოთხოვნა წარსულში მათ მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სინამდვილეში არჩევანის გაკეთება ამ გასაუბრებიდან გამომდინარე არ მოხდება.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ პროცესში ინტერესთა კონფლიქტია:

“ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი, იაგო ხვიჩია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი, ის იღებს გასაუბრებაში მონაწილეობას და მისი გუნდი ასვე სვას კითხვებს და ისინი, რა თქმა უნდა, იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, როდესაც საკითხი დადგება კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ვინაიდან, მას უნდა დაეყენებინა თვითაცილების საკითხი, ან პროცედურით უნდა ყოფილიყო გაწერილი ყველა ის დეტალი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო თავიდან აცილებული ინტერესთან კონფლიქტი”.

მისი თქმით, გუშინ მიიღო შეტყობინება მივიდეს და დავესწროს იაგო ხვიჩიას, რაც მიუღებელია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლმანეტში დღეს უნდა დასრულდეს. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

წინა სტატიაილონ მასკი Twitter-ის თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველობის ერთ-ერთმა მსურვლემა, გიორგი ცობეხიამ კანდიდატურა მოიხსნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური