გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებს, რათა G20-ის სამიტზე ბაიდენი-პუტინის მოულოდნელი შეხვედრა თავიდან აირიდოს.
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტი აპირებენ, რომ მომდევნო თვეში ინდონეზიაში G20-ის სამიტს დაესწრონ.
პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებზე ჯო ბაიდენმა გასულ კვირას ისაუბრა, თუმცა გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსიები კრემლთან არ მიმდინარეობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს.
POLITICO წერს, რომ არაა გამორიცხული ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს G20-ის ნოემბრის სამიტის დროს ერთმანეთს გადაეყარონ, ვინაიდან შესაძლოა, ისინი ერთსა და იმავე პლენალურ სხდომას დაესწრონ, თუმცა აშშ-ში პრეზიდენტების ოფიციალურ შეხვედრას გამორიცხავენ და ყველა ზომას იღებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგას დერეფანში ან თუნდაც ლიდერების ჯგუფის საერთო ფოტოზე არ შეხვდნენ.
ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2021 წელს ჟენევაში შეხვდა. მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეჭრით იმუქრებოდა მათ ტელეფონზე რამდენჯერმე ისაუბრეს – ბოლო სატელეფონო საუბარი თებერვალში, შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.
უნდა შეხვდეს თუ არა ბაიდენი პუტინს ამასთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა აზრი ორადაა გაყოფილი.
NATO-ს მოკავშირეთა ძალების ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, ჯეიმს სტავრიდისი გამოცემასთან ამბობს, რომ ის რომ ბაიდენის მრჩეველი ყოფილიყო, მას შეხვედრისკენ მოუწოდებდა.
“მან უნდა იმოქმედოს გრინერის გათავისუფლებისთვის, თუმცა ასევე ისარგებლოს მომენტით, თვალებში ჩახედოს პუტინს და უთხრას, რომ აგებს”, – თქვა მან.
რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფლოი კი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები ჟენევაში ბაიდენი-პუტინის შეხვედრიდან რამდენიმე თვეში განალაგა. მაკფოლმა თქვა, რომ შეხვედრამ შესაძლოა მსგავსი ესკალაცია გამოიწვიოს.
“რთული საკითხია. კრიზისის დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაციის არხები, თუმცა შეხვედრის პრობლემა ისაა, რომ ის მას ლეგიტიმაციას აძლევს. შენ პუტინს აძლევ პლატფორმას, რომ მან მოითხოვოს ის, რაც მას სურს”, – თქვა მაკფოლიმ.
ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის პუტინს არ შეხვდებოდა, თუმცა საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრის შესაძლებლობაზე CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“მე არ ვაპირებ მასთან შეხვედრას, მაგრამ, მაგალითად, თუ ის ჩემთან მოვა G-20-ზე და მეტყვის, მინდა ვისაუბრო გრინერის გათავისუფლებაზე, მე შევხვდებოდი მას”, – თქვა მან CNN-თან.