თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

0
203

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. გიგა გიგაშვილმა
გადადგომის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა.

სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, იმ 9 დაკავებულს შორის, რომლებიც ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ-ერთი გიგაშვილის მოადგილეა.

წინა სტატიაგამოძიების ვერსია არათუ გამორიცხავს, არამედ ადასტურებს კალაძის პასუხისმგებლობას – გიორგი შარაშიძე
შემდეგი სტატიასოფელ ბერშუეთიდან ოკუპანტებმა 55 წლის კაცი გაიტაცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური