ლომჯარია: 2021-ში ოცნების ლიდერების მხრიდან მუდმივად ვიყავი პოლიტიკური თავდასხმების სამიზნე

0
217

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გასულ წელს ომბუდსმენის ინსტიტუტი ოცნების ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ორგანიზებული და პოლიტიკური თავდასხმების სამიზნე იყო. ამის შესახებ ლომჯარიამ პარლამენტში, 2021 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, 2021 წლის დასაწყისში ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს პატიმართა ჯგუფი დაესხა თავს და ვიდეომასალის მიხედვით, იკვეთება, რომ ეს უკანონო ქმედება ციხის ადმინისტრაციასთან იყო კოორდინირებული.

“გასულ წელს სახალხო დამცველი მუდმივად იყო ორგანიზებული, დეზინფორმაციის კამპანიის, პოლიტიკური თავდასხმების და მუქარის სამიზნე მმართველი პარტიის ლიდერების, თუ წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული პირების და მედიასაშუალებების მხრიდან. ასევე, აპარატის წარმომადგენლები 2020 წლის მსგავსად 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ ორგანიზებული სიტყვიერი თავდასხმის და მუქარის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. ჩვენ გავეცანით თავდასხმის ერთ-ერთ დღეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული და მათთან კოორდინირებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ არის გამოკვეთილი”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

წინა სტატიაომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 61 680 ჯარისკაცი დაკარგა
შემდეგი სტატია“პუტინი არ ხუმრობს…” – ბაიდენი რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური