პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ხერსონის ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიერთების შესახებ განაცხადა.
მან კიევი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას: “მაგრამ ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის არჩევანი არ გადაიხედება, ისინი ჩვენი მოქალაქეები გახდნენ – სამუდამოდ!” – დაამატა რუსეთის პრეზიდენტმა.
ციტატა ვლადიმირ პუტინის გამოსვლიდან:
“კიევის რეჟიმი აშინებდა, მათ შორის სიკვდილით, მილიონობით ადამიანს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკისა და ლუგანსკის გაუტეხელმა მოსახლეობამ თქვა თავისი სიტყვა.
მინდა ვუთხრა კიევის რეჟიმსა და მის რეალურ პატრონებს დასავლეთში, რომ ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები დღეიდან ჩვენი მოქალაქეები ხდებიან – სამუდამოდ! (ტაში).
მოვუწოდებთ კიევის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი საომარი მოქმედება, მათ შორის ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას – ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის არჩევანი არ გადაიხედება” (ტაში).
გამოსვლის ბოლო ნაწილში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ იმ რეგიონების მცხოვრებლებმა, სადაც რეფერენდემუმები ჩატარდა, მათი არჩევანი გააკეთეს, რომ იცხოვრონ რუსეთთან ერთად და მასთან ერთად გაიმარჯვონ:
“ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენთან არს სიმართლე, ჩვენთან არს რუსეთი!” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.