“პიატნაშკას” მეთაურ ახრა ავიძბას ე.წ. ДНР-იდან რუსეთში არ უშვებენ – სად გარბოდა “ბოევიკი”

0
352

ქართველებისთვის კარგად ცნობილ აფხაზ ბოევიკს, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზ ბოევიკთა რაზმის “პიატნაშკას” მეთაურს ახრა ავიძბას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან რუსეთში არ უშვებენ. 

შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ რუსეთი უკვე აღარ ღებულობს თავის ტერიტორიაზე იმ პირებს, ვინც უკრაინაში, ე.წ. დნრ-ში ან ლნრ-ში იბრძვიან, მიზეზად კი მათი პირადი დოკუმენტების მოუწესრიგებლობას ასახელებს. 

მეორე ვერსიით, რუსეთი, უბრალოდ, ფრთხილობს, რომ დნრ-ლნრ-იდან წამოსული ბოევიკები უკან არ დაბრუნდებიან და ამიტომაც, პრევენციის მიზნით, საერთოდ უარს ეუბნება მათ დონბასის დატოვებაზე, თუნდაც დროებით. 

ახრა ავიძბაც, როგორც თვითონ ამბობს, დროებით აპირებდა დნრ-იდან გასვლას, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებული მოქმედებების შემდეგ ის, უბრალოდ, ბრძოლისთვის თავის არიდებასა და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აპირებდა. ამისთვის მიზეზად კი თითქოს მოსკოვში ჩასვლა მოიფიქრა – მისი დაჭრილი ნათესავის ჩასაყვანად, მკურნალობის მიზნით. 

თუმცა ახრა ავიძბას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს და გაგულისებულმა ბოევიკმა ვიდეომიმართვა პირდაპირ უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან გაავრცელა, რუსეთში მის არშეშვებაში კი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბჟანია დაადანაშაულა. 

ვიდეომიმართვაში ავიძბა ამბობს, რომ მოსკოვში აპირებდა წასვლას, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დნრ-ის მოქალაქეა, არ უშვებენ საზღვარზე. მიმართვაში ის ფსბ-სა და ბჟანიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ აფხაზეთში მაინც ჩავა. 

ახრა ავიძბა ოპოზიციის მხარდამჭერია, მას სოხუმის ხელისუფლება დიდად არ სწყალობს. ბჟანია დაკავებულიც იყო 2021 წელს, როცა დონბასიდან აფხაზეთში ჩავიდა და ოპოზიციას თანაუგრძნობდა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე მოკლულია ბატალიონ “პიატნაშკას” 80-მდე წევრი. მათი ბაზა დონეცკში ამასწინათაც დაიბომბა, თუმცა, ახრა ავიძბა გადარჩა – ის იმ დროს შტაბში არ იმყოფებოდა. 

წინა სტატია“კვარას” “ნაპოლიმ” “სან-სიროზე” “მილანი” დაამარცხა
შემდეგი სტატიარა ხდებოდა ღამის განმავლობაში უკრაინაში – რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური